მმართველი პარტია ბონუსის სისტემაზე უარს ამბობს

მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ბლოკებში გაერთიანების უფლება ერთჯერადად მიეცემათ. 2024 წლიდან კი პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება ე.წ. ბონუსის გარეშე და მანდატები პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც არჩევნებში ხმათა ხუთ პროცენტზე მეტს მიიღებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებიდან, რომელიც 21 სექტემბერს გამოქვეყნდა.

მმართველმა გუნდმა ამ ცვლილებების კონსტიტუციაში ასახვის გადაწყვეტილება შიდა კონსულტაციების შედეგად მიიღო.„შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება უახლოეს მომავალში და იგი მიიღება პარლამენტის შემდგომი სესიის დასრულებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძის განცხადებას წინ უძღოდა საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ერთობლივი დოკუმენტის გამოქვეყნება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ წინადადებებს შეიცავდა.

ოპოზიციური პარტიები მოითხოვდნენ, რომ საარჩევნო ბლოკებში გაერთიანების უფლება ყოფილიყო არა ერთჯერადი, არამედ კონსტიტუციის მუდმივმოქმედი ნორმა. ისინი ასევე არ ეთანხმებოდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებულ იმ ნორმას, რომელიც პარლამენტში გაუნაწილებელ მანდატებს არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას აკუთვნებდა. 

ერთობლივ დოკუმენტში, პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან, დაგეგმილზე ოთხი წლით ადრე ითხოვდნენ. ისინი ასევე პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას და, მუდმივმოქმედი კონსტიტუციური ორგანოს სახით, ეროვნული უშიშროების საბჭოს, შენარჩუნებას მოითხოვდნენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტმა პირველი და მეორე მოსმენით უკვე მიიღო, ოპოზიციური სპექტრის ძირითადი უკმაყოფილება საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულმა ნორმებმა გამოიწვია.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ვადის 2024 წლამდე გახანგრძლივებას და  პარტიებისთვის საარჩევნო ბლოკებად გაერთიანების უფლების ჩამორთმევას აპროტესტებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება მომდევნო კვირაში იგეგმება.

Exit mobile version