კვირიკაშვილი ნიუ-იორკში ევროკავშირის და ეუთოს ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების ფარგლებში რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა გამართა.

19 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის „მტკიცე მხარდაჭერა“ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ამავე ინფორმაციით, ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მისი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში 19 სექტემბერს გაიმართა. მათ ასევე ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტზე, რომელიც ნოემბერში ბრიუსელში გაიმართება.

19 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ეუთოს ახლადდანიშნულ გენერალურ მდივანს, თომას გრემინგერს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხედრაზე კვირიკაშვილმა ისაუბრა „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და ხაზი გაუსვა ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში“. მხარეებმა მომავალ ადგილობრივ არჩევნებზეც იმსჯელეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობაზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.  პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დონალდ ტუსკმა „კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ყველა იმ პროცესისადმი, რაც დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაცასთან“.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს, გენერალურ დებატებზე სიტყვით 21 სექტემბერს გამოვა.

 

Exit mobile version