გაეროს გენერალური მდივანი: დევნილთა დაბრუნების უფლებას „ყოველთვის უნდა გაესვას ხაზი“

ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა დაბრუნების უფლებას „ყოველთვის უნდა გაესვას ხაზი“, განუცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს 15 სექტემბერს.

საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ინიცირებული რეზოლუციის ეფექტურობის შესახებ საუბრისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა „ძალიან ზომიერად და ჭკვიანურად“ იქცევა ორი რეგიონიდან დევნილთა კუთხით არსებული სიტუაციის მოგვარებისას.

„[მთავრობას] აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერის ძალიან ეფექტური პოლიტიკა აქვს“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ დაბრუნების უფლებას „ყოველთვის უნდა გაესვას ხაზი“ და რომ ეს „ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი მთავარი ასპექტია, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ“.

გუტიერეშმა იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, „რომელიც ძალიან, ძალიან ნელა მიიწევს წინ, შეძლებს გარკვეული შედეგების მიღწევას“.

გაეროს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუციას, რომელიც აღიარებს ყველა დევნილის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. პირველი რეზოლუცია, რომელიც 2008 წელს იქნა მიღებული, მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ იყო, ხოლო ყველა შემდგომი დოკუმენტი ეხება როგორც აფხაზეთს, ისე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს.

Exit mobile version