ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთში და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში (UNWTO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ამავე ორგანიზაციის გენერალური მდივანი გახდა 2018-2021 წლების პერიოდისთვის.
პოლოლიკაშვილი საქართველომ წარადგინა და ის კონსენსუსის გზით იქნა არჩეული UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიაზე ჩინეთში, რასაც წინ უძღოდა UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს რეკომენდაცია.
ზურაბ პოლოლიკაშვილმა, რომელიც 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ხოლო 2005-2006 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, განაცხადა, რომ UNWTO-ს წევრობის გაფართოება და ორგანიზაციაში ახალი წევრების მოზიდვა მის მთავარ პრიორიტეტებს შორის იქნება.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია 157 წევრ ქვეყანას, 6 ასოცირებულ და 500 აფილირებულ წევრს აერთიანებს, რომლებიც კერძო სექტორს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ტურიზმის ასოციაციებს და ტურიზმის ადგილობრივ სტრუქტურებს წარმოადგენენ.