ხულოში, თელავსა და თუშეთის ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ხულოში, შავნაბადას ტყეში რამდენიმე დღის წინ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაცია 8 სექტემბერს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

დღის ბოლომდე იგეგმება ხანძრის კერების სრული ლიკვიდაცია. ამ მიზნით სამუშაოებში ჩართულია 500-მდე მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი. სამუშაოებში ასევე მონაწილეობს მძიმე ტექნიკა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების დაქსელვა და მიწის ნიადაგის დამუშავება. დილიდან მუშაობს ორი ვერტმფრენი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავში, სოფელ ართანას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა სრული ჩაქრობა გუშინ ქარის ამოვარდნის გამო გართულდა. ამჟამად ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

„მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

ასევე ხანძრის ცალკეული კერებზე მუშაობა გრძელდება თუშეთში, სოფელ ხახაბოს ტყეში.

Exit mobile version