ავღანეთთში სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე, 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.

„უფროსი ლეიტენანტი ივერი თამაზის ძე ბუაძის მდგომარეობა მძიმეა, მას ამ დროისათვის ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ტერორისტული აქტისას ასევე მსუბუქად დაიჭრნენ სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ 6 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში. 

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ დაშავებული მშვიდობისმყოფელები ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში ინტენსიურ მკურნალობას გადიან. 

ინციდენტამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ავღანეთში,  ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, პატრულირებისას განხორციელებული თავდასხმის შედეგად უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა, რის შედეგადაც საქართველოს მხრიდან მსხვერპლის რაოდენობა 32-მდე გაიზარდა.

საქართველო 870 სამხედრო მოსამსახურით მეოთხე უმსხვილესი კონტრიბუტორია ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში. ქართველი სამხედროები მტკიცე მხარდაჭერის მისიის ბაზაზე ქაბულში, ასევე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარ-ი-შარიფის სიახლოვეს მდებარე მარმალის გერმანულ სამხედრო ბაზაზე არიან განთავსებულნი. მათი მოვალეობები უსაფრთხოებასა და სწრაფი რეაგირების ქმედებებზეა ფოკუსირებული.

საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო ISAF-ის მისიაში, რომელიც 2014 წლის დეკემბერში დასრულდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version