ქართველმა სამხედროებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ჩაიარეს


საქართველოს ეროვნული გვარდიის ოცეული უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე, კიევში, 24 აგვისტო, 2017. ფოტო: mod.gov.ge

საქართველოს ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის ოცეულმა  მონაწილეობა მიიღო უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში, რომელიც 24 აგვისტოს კიევში გაიმართა. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა, რომელიც აღლუმს დაესწრო, განაცხადა, რომ „ქართველი სამხედროების მონაწილეობა უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში უკრაინელი ხალხის, უკრაინის მთავრობის მხარდაჭერა და ჩვენი ერთად ყოფნის გამოხატულებაა“.
აღლუმზე დასწრებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, გეგმავდა, თუმცა, მინისტრმა კიევში ვიზიტი გააუქმა და, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო.
თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ქართველ სამხედროებს აღლუმში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. 
უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ შეხვედრა კიევში მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ჯეიმს მეტისთან გამართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ჯეიმს მეტისმა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
კიევში გამართულ სამხედრო აღლუმში მონაწილეობა ამერიკის, ბრიტანეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, მოლდოვის, პოლონეთისა და რუმინეთის სამხედროებმაც მიიღეს. 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version