გურიის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, განკარგულებით, გურიის რეგიონის გუბერნატორად მერაბ ჭანუყვაძე დაინიშნა.

ახალი რწმუნებული გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახა გულედანმა, წარუდგინა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მერაბ ჭანუყვაძეს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 2013-2014 წლებში მას გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. წლების მანძილზე იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

მერაბ ჭანუყვაძემ გუბერნატორის პოსტზე გია სალუქვაძე შეცვალა, რომელიც რეგიონს 2015 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა. პრემიერ-მინისტრმა სალუქვაძე 14 აგვისტოს გაათავისუფლა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორ რეგიონში – გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში – ახალი გუბერნატორების დანიშვნის შესახებ 10 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მან საკადრო ცვლილებებს „ბუნებრივი“ უწოდა და გუბერნატორების შეცვლის საჭიროება „ახალი გამოწვევების“ და „სივრცითი განვითარების ძალიან ამბიციური გეგმის“ არსებობით დაასაბუთა.

ამ დრომდე ვაკანტურია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის თანამდებობა, რომელსაც 10 აგვისტომდე პაპუნა მარგველიძე იკავებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version