ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობა კვლავ ვერ ხერხდება

ასობით მეხანძრე-მაშველი და მოხალისე განაგრძობს ხანძართან ბრძოლას, რომელიც  20 აგვისტოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბის მახლობლად გაჩნდა და ათ ჰექტარზე მეტ ტყის ფართობს მოედო. 

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირკაშვილის დავალებით, ხანძრის სალიკვიდაციოდ, საგანგებო შტაბი შეიქმნა. შტაბს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, ხელმძღვანელობს.

პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, 21 აგვისტოს, გვიან ღამით, დაბა წაღვერში გაიმართა საგანგებო შტაბის სხდომა, რომელსაც  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე – ეროვნული სატყეო სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და სახანძრო სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრნენ. სხდომაზე ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებების გეგმა შეიმუშავეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარი ტყის ფართობზე, 2014-2017 წლებში აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის ხანძარს გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ფართობზე წარმოიშვა.

მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, ბორჯომის ხეობაში სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში შეუჩერებლად მუშაობდნენ. მობილიზებულია 400-მდე მეტი მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკა.

„გამთენიისას სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო 2 ქართული და 1 აზერბაიჯანული ვერტმფრენი, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა რომლებმაც ღამით, არჯევანიძის ტყიდან თორთის გზამდე 3 კილომეტრიანი გზა გაჭრეს, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

„საღამოსთვის გვექნება უკეთესი სიტუაცია. ყველაფერი კეთდება, რაც საჭიროა, რომ მოხდეს ცეცხლის ლოკალიზება“, – განაცხადა დილით, 22 აგვისტოს, გიორგი კვირიკაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქეთიდან ორი ვერტმფრენი და თვითმფრინავი ჩაერთვება. 

ამ დროისათვის, ხანძრის კერები ლოკალიზებულია და დასახლებულ პუნქტებამდე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version