მედვედევი: რუსეთი ყოველთვის მზადაა დაიცვას საკუთარი მოქალაქეები

„რუსეთი ყოველთვის მზადაა დაიცვას საკუთარი მოქალაქეები“, ნათქვამია რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის და მოქმედი პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის Facebook-ის პოსტში, რომელიც მან 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

„თავდასხმა მშვიდად მძინარე ცხინვალზე, რუსი სამშვიდობოების პოსტებზე საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის მიერ იყო ორგანიზებული, რაც სრულიად ცინიკურად განხორციელდა – მე ვიტყოდი, მუხანათურად. ყველაზე საშინელება ისაა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის პრეზიდენტი იყო. 

„ეს ბარბაროსობა უნდა შეჩერებულიყო. და რუსეთმა მშვიდობის იძულებით დამყარების ოპერაცია ჩაატარა“, – წერს მედვედევი, რომლის თქმითაც „სხვაგვარად მოქცევა შეუძლებელი იყო“. 

„კანონითაც და სინდისითაც, ჩვენ ვალდებული ვიყავით დაგვეცვა საკუთარი მოქალაქეები. მე ვსაუბრობ სამხრეთ ოსეთის იმ მაცხოვრებლებზე, რომელთაც რუსული პასპორტები ქონდათ, ასევე ჩვენ სამშვიდობოებზე, რომლებიც რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის გადაწყვეტილებას ასრულებდნენ. და ჩვენ ისინი დავიცავით“, – განაცხადა მედვედევმა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის 8 აგვისტომდე ის „ვერც დაუშვებდა“, რომ 21-ე საუკუნეში ვინმეს შეეძლო „გრადიდან“ საკუთარ სახლებში მძინარე მოხუცებისთვის, ქალებისთვის და ბავშვებისთვის ესროლა, მაგრამ „სამწუხაროდ, დღეს ბევრად უფრო სასტიკი მაგალითები გვაქვს“.

„ერთი რამ ეჭვგარეშეა – რუსეთი ყოველთვის მზადაა დაიცვას საკუთარი მოქალაქეები“, – დასძინა მან.       

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც აგვისტოს ომის დროს საქართველოს პრეზიდენტი იყო, ასევე გააკეთა კომენტარი ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით.

„2008 წელს, სწორედ ამ დროს დაიწყო რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი შეჭრა საქართველოს ტერიტორიაზე“, – წერს სააკაშვილი თავის Facebook-ის გვერდზე 8 აგვისტოს. „საერთო ჯამში, 80 ათასკაციანი რეგულარული ჯარი მონაწილეობდა ოპერაციაში და უკვე 8 აგვისტოს ჩვენი დაბომბვა დაიწყო ორასმა საჰაერო ტექნიკამ. ოპერაციის მთავარი მიზანი იყო თბილისის დაპყრობა, მთავრობის დამხობა, წარმატებული რეფორმების შეჩერება და საქრთველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება“, – განაცხადა მან.

„თავდასხმა უცაბედად მოხდა, ჩვენი ოფიცრების უმრავლესობა შვებულებაში იყო, არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილი კი ერაყში, პარლამენტის და მთავრობის თითქმის სრული შემადგენლობა ქვეყანაში არ იმყოფებოდა“, – განაგრძო მან. 

„არათანაბარი ძალების მიუხედავად, ჩვენი არმიის გმირული შეწინააღმდეგების უდიდესი დამსახურებაა, რომ ჩვენ შევძელით მტრის გაჩერება და ამით რამდენიმე ძალიან ძვირფასი დღის მოგება, სანამ როგორც იქნა საერთაშორისო თანამეგობრობა ჩაერთო და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო სამხედრო-ჰუმანიტარული დახმარების გამოგზავნა, რამაც უდიდესი როლი შეასრულა თბილისზე შეტევის შეჩერებაში“, – წერს სააკაშვილი.

მან ასევე ხაზი გაუსვა აგვისტოს ომის დროს სამოქალაქო მობილიზაციას და ბალტიისპირეთის ქვეყნების, უკრაინის და პოლონეთის ლიდერების ჩართულობას, რომლებიც ომის დროს თბილისში ჩამოვიდნენ მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით.

„საქართველო სასწაულებრივად გადარჩა და კიდევ უფრო ჩქარი ტემპებით განაგრძო განვითარება. პუტინმა ვერ შეძლო მისი ვერც ერთი სტრატეგიული გეგმის შესრულება 2012 წლამდე, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

„დღეს მე ქედს ვიხრი ქართველი ჯარისკაცების და ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე, რომლებიც გახდნენ თავდასხმის მხვერპლნი. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მან.

Exit mobile version