ვენეციის კომისიის ორგანიზებით მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეხვედრა შედგება

ვენეციის კომისია მზად არის ორგანიზება გაუწიოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დიალოგს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და მხარეებს, მოლაპარაკებებისათვის, 6 სექტემბერს, სტრასბურგში ეპატიჟება.

აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა წერილიდან, რომელიც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ, 31 ივლისს, ოპოზიციური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს, კახა კუკავას გაუგზავნა. წერილის ასლი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც, მიიღო.

„ვენეციის კომისია არ არის უფლებამოსილი, კონკრეტული გადაწყვეტილება შემოგთავაზოთ“, – ამბობს ჯანი ბუკიკიო და დასძენს, რომ „თუ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს სურთ შეხვდნენ და შესაძლო კომპრომისზე იმსჯელონ, ვენეციის კომისია მზად არის ამ დისკუსიას ხელი შეუწყოს“. 

25 ივლისს, საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლის შესრულება ვენეციის კომისიას ცხრა არასაპარლამენტო პარტიამ სთხოვა. შესაბამის მიმართვას ხელი „თავისუფალმა საქართველომ“, „ახალმა მემარჯვენეებმა“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ევროპელმა დემოკრატებმა“, „თავისუფლებამ“, „ეროვნულმა ფორუმმა“, „ახალმა საქართველომ“, „ტრადიციონალისტებმა“ და „ვეტერანთა პარტიამ“ მოაწერეს. 

ოპოზიციურმა პარტიებმა ჯანი ბუკიკიოს წინადადება დადებითად შეაფასეს.

„არასაპარლამენტო პარტიები მიიჩნევენ, რომ ვენეციის კომისიის წინადადება არის სერიოზული შანსი ხელისუფლებაზე ზეწოლისა, რათა შეჩერდეს მეორე მოსმენით მიღებული პროექტის განხილვა და გაიმართოს დამატებითი კონსულტაციები კონსტიტუციური რეფორმის უკლებლივ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე", – ნათქვამია ოპოზიციური პარტიების მიერ 2 აგვისტოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარის წერილის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში. 

სტრასბურგში დიალოგის გამართვაზე მზადყოფნა მმართველმა გუნდმაც გამოთქვა. 

„თუ ოპოზიციას სურს, კონსენსუსი შედგეს ამ კონსტიტუციის გარშემო, ეს არის შესაძლებელი და ამას შეიძლება საფუძველი დაედოს სწორედ სტრასბურგში", – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ქართული ოცნების წევრმა, დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ.

სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგის და ფორმატის განსაზღვრის მიზნით ცხრა ოპოზიციური პარტია კონსულტაციების გამართვას სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც გეგმავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version