ერთობლივ სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში ამერიკული სამხედრო ტექნიკა ჩამოვიდა


ამერიკული M2 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი" ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, 26  ივლისი, 2017. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

აშშ–ის სამხედრო ტექნიკა, მათ შორის M1A2 ტიპის ტანკები „აბრამსი“ და M2 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი" ბულგარეთიდან, ბორანის საშუალებით, ფოთის პორტში ჩამოიტვირთა, იქედან კი, სარკინიგზო ეშელონებით ჩამოვიდა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც რამდენიმე დღეში ერთობლივი სამხედრო წვრთნები – „ღირსეული პარტნიორი 2017“ – დაიწყება.

წვრთნებში, რომელიც 30 ივლისიდან 12 აგვისტომდე გაგრძელდება, ჩართული იქნება 2800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, 800 ქართველი და 1600 ამერიკელი ჯარისკაცი. სამხედრო სწავლებაში მონაწილეობას ასევე სომხეთის, გერმანიის, სლოვენიის, თურქეთის, უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედროები მიიღებენ. 


ერთობლივი წვრთნები მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ემსახურება. აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის თანახმად, სხვა ამოცანებთან ერთად, წლევანდელი წვრთნების მიზანია „ხელი შეუწყოს საქართველოს მეორე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სწავლებას, ასევე – განხორციელდეს ბატალიონის შეფასება და საბოლოოდ დადასტურდეს, რომ მას შეუძლია წვლილი შეიტანოს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF)“.

სწავლების ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: სამხედრო-საჰაერო დესანტის ოპერაციები, აშშ-ის 173-ე მსუბუქი ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის ხელმძღვანელობით (განლაგების ადგილი: ვიჩენცა, იტალია); აშშ-ის მეოთხე ქვეითი დივიზიის მესამე ჯავშანსატანკო ბრიგადის ერთ-ერთი ბატალიონისა და საქართველოს მეოთხე ბრიგადის ერთობლივი საბრძოლო მოქმედებები; ბულგარეთიდან ფოთის პორტში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების აღჭურვილობისა და ტექნიკის ჩამოტანა; ასევე ერთობლივი საბრძოლო სროლები, რომელიც თავდაცვითი სცენარით წარიმართება.

„ღირსეული პარტნიორი 2017“ ნაწილია ამერიკის ხელმძღვანელობით შავი ზღვის რეგიონში დაწყებული სამხედრო სწავლებათა სერიისა, რომლის ფარგლებშიც წვრთნები სახელწოდებით Saber Guardian ბულგარეთში, უნგრეთსა და რუმინეთში ტარდება, უკრაინაში კი – See Breeze მიმდინარეობს. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, 21 ივლისს განაცხადა, რომ „ამ სწავლებაში განსაკუთრებით წარმოდგენილია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – ამერიკის შეერთებული შტატები“. მან ასევე აღნიშნა, რომ წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების და ტექნიკის რაოდენობა „უპრეცენდენტოა“, რაც ემსახურება იმას, „რომ კიდევ ერთხელ გაცხადდეს ნატოს წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით კი – ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსადმი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version