მარგველაშვილმა თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 20 ივლისს ვეტო დაადო თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც შვიდი ქალაქისათვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის ჩამორთმევას და ცესკოს დაკომპლექტების ახალი წესის ამოქმედებას ითვალისწინებს.

„ორივე კანონის სულისკვეთება ასუსტებს დემოკრატიულ პროცესს, ასუსტებს პლურალიზმისა და [საზოგადოების] ჩართულობის ხარისხს ჩვენი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში“, – განაცხადა გადაწყვეტილების დასაბუთებისას გიორგი მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შვიდი ქალაქისათვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის ჩამორთმევა ხელს უშლის თვითმმართველობის გაძლიერებას, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები კი – ცესკოში მმართველი პარტიის წარმომადგენელთა რაოდენობის ზრდას ემსახურება, რაც „საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას ასუსტებს“.

მარგველაშვილმა ასევე გააკრიტიკა კანონპროექტების მიღების „დაჩქარებული ფორმა“ და აღნიშნა, რომ არჩევნებამდე სამი თვით ადრე საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. 

ქართული ოცნების წარმომადგენელთა ნაწილი მარგველაშვილის შენიშვნების ყურადღებით შესწავლის პირობას დებს, ნაწილი კი აღნიშნავს, რომ კანონპროექტებზე ვეტოს დადებისას „პრეზიდენტი თავისი პოლიტიკური დღის წესრიგით“ მოქმედებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტს ვეტოს დადების თხოვნით 30 ივნისს მიმართეს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა ქალაქების – თელავის, მცხეთის, გორის, ახალციხის, ამბროლაურის, ოზურგეთისა და ზუგდიდის – ამავე სახელწოდების თვითმმართველ თემებთან გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისი ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეიტანა.

სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები ასევე ეწინააღმდეგებოდნენ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებაში რაოდენობრივ უპირატესობას ქართულ ოცნებას ანიჭებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version