ივანიშვილი ‘სამაგალითო’ საპრეზიდენტო არჩევნებს პირდება

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 10 ივლისს განაცხადა, რომ მის ხელისუფლებას აქვს "ამბიცია და სურვილი", რომ 27 ოქტომბერს ჩატარდეს „სამაგალითოდ სუფთა, თავისუფალი და სამართლიანი“ საპრეზიდენტო არჩევნები, რათა ის „გახდეს ქვეყანაში მომხდარი ფუნდამენტური ცვლილების ყველაზე უფრო მკაფიო დემონსტრირება“.

„ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების ამბიცია და სურვილი, მაგრამ ჩვენ გვაქვს  კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამბიცია და სურვილი – საქართველოში ჩატარდეს სამაგალითოდ სუფთა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისეთი არჩევნები, როგორიც ეკადრება ევროპისკენ მიმავალ ქვეყანას. სწორედ ეს იქნება ჩვენი საერთო გამარჯვება და დემოკრატიული პოლიტიკური წესრიგის დამკვიდრება ქვეყანაში“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან 10 ივლისს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ სატელევიზიო გამოსვლაში ასევე მიმართა მისი მმართველი კოალიციის წარმომადგენლებს და სხვა პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას, ასევე სამართალდამცავ სტრუქტურებს, მედიას და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

თავის სატელევიზიო გამოსვლაში ნაციონალური მოძრაობის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც არ ყოფილან წინა ხელისუფლების „დანაშაულებრივი სისტემის“ მონაწილენი, ივანიშვილმა მოუწოდა საპრეზიდენტო კამპანია გამოიყენონ, როგორც „უკანონობასთან გამიჯვნისა და ღირსეული პოლიტიკური მომავლის შანსი“.

„თქვენგან საჯარო ბოდიშს და მონანიებას არავინ ითხოვს… შეეცადეთ ქართველ ხალხს გულწრფელად აუხსნათ, რა მოხდა და რატომ მოხდა. ეს მხოლოდ თქვენ არ გჭირდებათ, ეს ქვეყანას სჭირდება. თქვენ საკუთარ მაგალითზე ყველაზე უკეთ შეგიძლიათ წარმოაჩინოთ, თუ როგორ გარდაუვლად იყრება წყალში ქვეყნისათვის სამსახურის ყველა მცდელობა, როდესაც იმავდროულად ერთპიროვნული მმართველობა მკვიდრდება, ჭეშმარიტებაზე მონოპოლია ცხადდება, ძალაუფლება კანონის ჩარჩოებს სცდება და განსხვავებული აზრი იდევნება“, – განაცხადა ივანიშვილმა და დაპირდა, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს მათთვის სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობას.

იმავდროულად, პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ თავი შეიკავონ იმ პირთა დაკავებებისაგან, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართული საპრეზიდენტო კამპანიაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის „მკაფიოდ დასაბუთებული უკიდურესი აუცილებლობა“ არსებობს. 

„ჩვენი პრიორიტეტია ყველა დამნაშავის განსასჯელის სკამზე დასმა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში უფრო მაღალი პრიორიტეტია პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფა“, – განაცხადა ივანიშვილმა, „არჩევნებში პროკურორიც და მოსამართლეც ხალხია და ხალხის თავისუფალმა არჩევანმა უნდა განსაზღვროს, ვის რა ნდობა აქვს დღეს და ვის რა პერსპექტივა აქვს მომავალში“.  

ივანიშვილმა იმ „სამარცხვინო პრაქტიკის“ დასრულებისკენ მოუწოდა, როცა მმართველი ძალა მთელ სახელისუფლებო რესურსს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმართავდა.

„ჩვენი ხელისუფლება ყველა მოქალაქისა და ყველა საპრეზიდენტო კანდიდატის ხელისუფლებაა“, – განაცხადა მან, „ამიტომ სახელისუფლებო და ადმინისტრაციული სისტემა, იქნება ეს საბიუჯეტო თანხები, პოლიცია თუ სხვა საჯარო დაწესებულებები, მიმართული იქნება თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად და არა რომელიმე კანდიდატის გასამარჯვებლად“. 

მან ასევე მოუწოდა ქართულ ოცნებაში შემავალ პარტიებსა და სხვა პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც „წლების განმავლობაში იყვნენ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი უსამართლობისა და ძალადობის მსხვერპლი“, საარჩევნო კამპანია „სამაგიეროს“ გადახდის ნიშნით არ წარმართონ.

„თუ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ისევე მოვექცევით, როგორც ისინი ჩვენ გვექცეოდნენ, კვლავ იმ მოჯადოებულ წრეზე სვლას გავაგრძელებთ, რომელსაც ათწლეულებია თავი ვერ დავაღწიეთ“, – განაცხადა ივანიშვილმა ვიდეო-მიმართვაში.

მედიას წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას პრემიერ-მინისტრმა სრული და დაბალანსებული ინფორმაციის „ობიექტურად და მიუკერძოებლად“ გაშუქებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეს იქნება ერთგვარი ტესტი იმისა, თუ რომელი მედია საშუალება „ახერხებს სახელისუფლებო წნეხისაგან გათავისუფლებული მედიის სიკეთეებით სარგებლობას და ვინ ამჯობინებს პროპაგანდის იარაღად დარჩენას“.  

მან ასევე მიმართა ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებელი ჩართონ საარჩევნო პროცესის მონიტორინგში.

იმ კანდიდატებს შორის, რომლებმაც ღიად დააფიქსირეს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, არიან: ქართული ოცნებიდან გიორგი მარგველაშვილი, განათლების მინისტრი და ვიცე-პრემიერი; პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე; ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და მისი ყოფილი თანაპარტიელი ნესტან კირთაძე, რომელმაც ლეიბორისტული პარტიის რიგები 2012 წლის შემოდგომაზე დატოვა.

ნაციონალური მოძრაობა ოთხ კანდიდატს შორის შიდა პარტიულ პრაიმერს მართავს საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად, რომლის ვინაობაც ივლისის ბოლოს გახდება ცნობილი. ამ დრომდე პრაიმერში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე  ლიდერობს.

პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის არიან ასევე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე და საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, თუმცა მათ საბოლოო გადაწყვეტილება 27 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე ჯერ არ მიუღიათ.

„დარწმუნებული ვარ, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ღირსეული კანდიდატი ღირსეულად გაიმარჯვებს, ხოლო დამარცხებულებს ექნებათ სრული რწმენა იმისა, რომ პატიოსან ბრძოლაში დამარცხებითაც კი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში“, – განაცხადა ივანიშვილმა თავისი მიმართვის დასასრულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version