შსს–მ დიპლომატებს ე.წ. ‘საზღვრის მოწყობის’ დეტალები გააცნო


ფოტო სატელევიზიო კადრიდან, სადაც ჩანს, თუ როგორ ამონტაჟებენ რუსი სამხედროები ბოძებს მავთულხლართების გასავლებად სოფელ დიცში 27 მაისს.

რუსი სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მავრთულხლართების აღმართვა ანუ ე.წ. ‘საზღვრის მოწყობის’ პროცესი და გამყოფი ხაზის თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმისკენ გადმოტანა ადგილზე არასტაბილურობის წყაროს წარმოადგენს, რადგანაც ის უარყოფითად მოქმედებს  ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, განუცხადეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა თბილისში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

„ჩვენ ვგმობთ ‘საზღვრის მოწყობის’ პროცესს, რადგანაც ის პირდაპირ უთხრის ძირს უსაფრთხოებას და სტაბილურობას“, –  განუცხადა შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ დიპლომატებს, რომელთაც მან 3 ივნისს ადგილზე არსებული სიტუაციის დეტალებზე ინფორმაცია მიაწოდა.

ქემოკლიძე, რომელიც დიდი ხანია უკვე მონაწილეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში, აცხადებს, რომ „საზღვრის მოწყობის“ პროცესის შედეგად ბევრ ადგილას მავთულხლართები თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების სიღრმეში იქნა გავლებული.

სეპარატისტული რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის მთლიანი სიგრძე 350 კილომეტრია; დღეის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა, დაახლოებით, 22–25 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთი მავთულხლართებით მონიშნეს, ძირითადად ცხინვალიდან სამხრეთით, სამხრეთ–აღმოსავლეთით და სამხრეთ–დასავლეთით.

მავთულხლართების გაბმა პირველად რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ძალებმა 2011 წლის აპრილ–მაისში დაიწყეს, როდესაც ღობეები ცხინვალიდან სამხრეთ–აღმოსავლეთით, სოფლების დიდი ხურვალეთის და ქვეშის სიახლოვეს იქნა აღმართული.

ქემოკლიძემ განაცხადა, რომ ისევე როგორც ახლა, მაშინაც საქართველოს ხელისუფლება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე აყენებდა ამ საკითხს, რის შედეგადაც მავთულხლართები სოფელ ქვეშში მოხსნეს, თუმცა ღობეები კვლავ რჩება სოფელ დიდ ხურვალეთში, სადაც „საზღვრის მოწყობას“ შედეგად მოყვა ადმინისტრაციული ხაზის საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევა. შედეგად, სამი ადგილობრივი ოჯახის სახლები და ერთი მოსახლის მიწის ნაკვეთის ნახევარი გამყოფი ხაზის მიღმა დარჩა. 

შსს–ს ინფორმაციით, მავთულხლართების გაბმის ახალი ტალღა რუსმა სამხედროებმა 2013 წლის თებერვალში დაიწყეს, ხოლო ერთ–ერთი ბოლო შემთხვევა სოფელ დიცში მოხდა, სადაც  რკინის ბოძები თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დაახლოებით 120 მეტრის სიღრმეში იქნა ჩასმული, რის შედეგადაც ადგილობრივებმა თავიანთი სასოფლო–სამეურნეო სავარგულები დაკარგეს. შსს–ს წარმომადგენლის ინფორმაციით, სოფელ დვანში ადმინისტრაციული საზღვრის თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა სარწყავი წყლის გარეშე დარჩა.

შსს–ს ინფორმაციით, „საზღვრის მოწყობამ“ პირდაპირი გავლენა იქონია დაახლოებით 18 ოჯახზე, რომელთა მიწებიც ნაწილობრივ ან მთლიანად, და ზოგ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობის სახლები გამყოფი ღობეების მიღმა დარჩა.

ქემოკლიძემ განაცხადა, რომ რუსმა ოფიცრებმა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა უთხრეს თავიანთ ქართველ თანამოსაუბრეებს, რომ „საზღვრის მოწყობა“ გაგრძელდება და ამის მოტივად „რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების პირდაპირი ბრძანება“ დაასახელეს. მან ასევე განაცხადა, რომ ქართულ მხარეს ისიც უთხრეს, რომ „საზღვრის მოწყობის“ პროცესი „მოლაპარაკებადია“, თუ ქართული მხარე, როგორც ცხინვალი და მოსკოვი უწოდებენ, „სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დემარკაციასა და დელიმიტაციაზე“ დათანხმდება.

მისი თქმით, სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს საქართველოს მოქალაქეების ხშირი დაკავებები რუსი სამხედროების მიერ, როგორც ისინი აცხადებენ, „სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევის“ გამო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის დასაწყისიდან სულ საქართველოს 78 მოქალაქე იქნა დაკავებული. „უმეტეს შემთხვევაში“ დაკავებული პირები გაათავისუფლეს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 2 000 რუსული რუბლით დაჯარიმების შემდეგ, განაცხადა ქემოკლიძემ. მხოლოდ 2013 წლის აპრილ–მაისში რუსმა მესაზღვრეებმა  საქართველოს 60 მოქალაქე დააკავეს; მათგან 39 მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ჯონჯოლს კრეფდნენ ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, განაცხადა შსს–ს წარმომადგენელმა. დაკავების შემთხვევები ჩვეულებრივ ამ დროს, როდესაც ჯონჯოლის სეზონია, იზრდება. 

შსს–მ უცხოელ დიპლომატებს 7 ივნისს ადგილზე ჩასვლა და ადმინისტრაციული საზღვრის რამდენიმე მონაკვეთის მონახულება შესთავაზა სოფლებში დიცი, დიდი ხურვალეთი და გუგუთიანთკარი.

ცხინვალის რეგიონისაგან განსხვავებით, სეპარატისტულ აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე ღობეების აღმართვა არ ხორციელდება, ვინაიდან იქ მდინარე ენგური ბუნებრივი გამყოფი ხაზის როლს ასრულებს, განაცხადა ქემოკლიძემ. თუმცა, მისი თქმით, იქ რუს სამხედროებს ბლოკირებული აქვთ გზები, რათა ადმინისტრაციულ საზღვარზე „უკანონო“ გადაადგილება აღკვეთონ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version