ცხინვალი თბილისს ‘ანტი–ოსური განწყობის’ გაღვივებაში ადანაშაულებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 15 ივნისს შეშფოთება გამოხატა, მათი შეფასებით, იმ “დეზინფორმაციის” თაობაზე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა იმ ოთხი ქართველის სავარაუდო “გამტაცებლების” შესახებ, რომლებიც კონფლიქტის ზონაში 6 ივნისს გაუჩინარდნენ.


13 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ოსი მოქალაქე – რუდიკ ბესტაევი და აცამაზ კოჩიევი – ოთხი ქართველის გატაცებაში დაადანაშაულა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აცამაზ კოჩიევი ანატოლი კოჩიევის შვილია. ეს უკანასკნელი იმ ოთხ ოსს შორის იყო, რომლებიც 29 მაისს სოფელ თამარაშენის მახლობლად ქართულ პოლიციასთან მომხდარ შეტაკებაში დაიღუპნენ. შეტაკებას ერთი ქართველი პოლიციელის სიცოცხლეც შეეწირა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გატაცებაში ეჭვმიტანილი ეს ორი ადამიანი ცხინვალის “ტექსტილის“ დასახლების კრიმინალური ჯგუფის წევრები არიან.


“ქართულმა მხარემ, დამადასტურებელი ფაქტების წარმოდგენის გარეშე, განაცხადა, რომ ამ ოთხი ქართველის გაუჩინარება უკავშირდება 29 მაისს დატრიალებულ ტრაგედიას. ამის გამო, სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ორგანიზება გაუკეთეს შეხვედრას დაკარგული ქართველების ნათესავებსა და 29 მაისს მოკლული ერთ-ერთი ოსის შვილს – აცამაზ კოჩიევს შორის [რომელსაც ბრალი ედება ქართველების გატაცებაში]. შეხვედრის დროს ქართულმა მხარემ [დაკარგული ქართველების ნათესავებმა] აღიარეს, რომ აცამაზ კოჩიევს არაფერი აქვს საერთო ამ საქმესთან”, ნათქვამია სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ 15 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა ვაჟა ხაჭაპურიძემ 15 ივნისს ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა, რომ დაკარგული ქართველების ნათესავებსა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას შორის  შეხვედრა 16 ივნისს იგეგმება.


სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში გარკვეული შიში გამოხატა იმის თაობაზე, რომ ქართული მხარის მიერ გავრცელებული “დეზინფორმაცია” შესაძლოა მიზნად ისახავდეს ქართულ მოსახლეობაში “ანტი-ოსური პოზიციის” პოპულარიზაციას “სამხრეთ ოსეთში ჯარების გაგზავნის და საომარი მოქმედებების დაწყების მიზნით”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version