გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოზე იმსჯელა

გაეროს უშიშროების საბჭომ, უკრაინის თხოვნით, 28 მარტს დახურული სხდომა გამართა, რომელზეც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს.

უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე საუბრისას უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ვოლოდიმირ იელჩენკომ განაცხადა, რომ საქართველოს ვითარება „უარესდება“ და „უშიშროების საბჭოს ყურადღებას იმსახურებს“.

„ანექსიის მცდელობამ და რუსეთის ფედერაციის ქმედებებმა, რომლებიც რუსეთის და [სამხრეთ] ოსეთის შეიარაღებული ძალების ფაქტობრივ გაერთიანებას ისახავს მიზნად… გამშვები პუნქტების დახურვამ … გააუარესა ვითარება ადამიანის უფლებათა სფეროში და ზოგადად ჰუმანიტარული სიტუაცია“, – განაცხადა იელჩენკომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს წევრების ნახევარზე მეტი დისკუსიის დროს სიტყვით გამოვიდა და ყველამ, რუსეთის გარდა, მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. 

იელჩენკომ განაცხადა, რომ რუსმა დიპლომატმა ჩააგდო უკრაინის წინადადება პრესისათვის განცხადების გამოქვეყნების თაობაზე, რომელიც ორ საკითხს შეიცავდა: რომ უშიშროების საბჭომ განიხილა დღის წესრიგის საკითხი საქართველოში არსებულ ვითარებაზე და რომ უშიშროების საბჭოს წევრებმა „გამოხატეს სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

„გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მუდმივმა წარმომადგენელმა, მეთიუ რიკროფტმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, სხდომაზე გაერთიანებული სამეფოს სახელით მან შეშფოთება გამოხატა „საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების თაობაზე, მათ შორის, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტების შემცირებაზე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებაზე ახდენს გავლენას“.

„ჩვენ არ ვაღიარებთ 12 მარტს აფხაზეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი სახელის გადარქმევის თაობაზე ხელს არ უწყობს კონფლიქტების გრძელვადიან მოგვარებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, – დასძინა მან.

Exit mobile version