შინაგან საქმეთა მინისტრი ბრიუსელთან მჭიდრო პარტნიორობის პირობას დებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 20-23 მარტს ბრიუსელში ვიზიტის დროს ევროკავშირის და ნატოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა გამართა და დაარწმუნა ევროპელი პარტნიორები, რომ საქართველო მზად არის განახორციელოს რეფორმები, იმ ფონზე, როდესაც  შენგენის ზონის ქვეყნებთან 28 მარტიდან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება.
მიგრაციის, საზღვრის უსაფრთხოების და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილა მღებრიშვილმა ევროკომისართან მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსთან, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისართან იოჰანეს ჰანთან და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან როუზ გოტემიულერთან შეხვედრებისას. 
მასპინძლებმა აღიარეს საქართველოს პროგრესი და შინაგან საქმეთა სამინისტროს წვლილი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის წარმატებით დასრულების პროცესში.
დიმიტრის ავრამოპულოსთან შეხვედრის დროს, მხარეებმა არალეგალურ მიგრაციასთან, ტრეფიკინგთან და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ასევე, სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის სფეროში, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კუთხით, შსს-ს მიერ მიღწეული პროგრესი შეაფასეს.

მღებრიშვილმა განაცხადა, რომ მალე ხელი მოეწერება საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რის შემდეგაც „საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება“.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ 16 ორმხრივ შეთანხმებას მოაწერა ხელი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ და 13 პარტნიორ ქვეყანაში წარგზავნილი ჰყავს პოლიციის ატაშეები, „რამაც უკვე მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო“.

„საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიღება კარი ევროპაში სამოგზაუროდ, მაგრამ ამას გარდა, დღეს, მინისტრთან ერთად, ჩვენ განვიხილეთ უფრო ძლიერი და უფრო ღრმა თანამშრომლობა უსაფრთხოების, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში და შემიძლია განვაცხადო, რომ ძალიან ბედნიერი ვარ ამ შესანიშნავი დისკუსიის შედეგით“, – განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.
 დაგეგმილი რეფორმები
23 მარტს გიორგი მღებრიშვილი ევროპის პოლიტიკის ცენტრში სიტყვით გამოვიდა და იმ წარმატებებზე ისაუბრა, რამაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია შესაძლებელი გახადა.
შს მინისტრმა ტრეფიკინგის წინააღმდეგ წარმატებით განხორციელებული ბრძოლის შედეგებიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შეფასებული 176 სახელმწიფოდან საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების შეფასების უმაღლეს საფეხურზე – ე.წ. „პირველ კალათაში“ მოხვდა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო შსს-ს პრევენციულ, დანაშაულზე რეაგირებისა და საგამოძიებო ფუნქციების გაძლიერების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები: კრიმინალური პოლიციის რეფორმა, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი და საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია.
 უვიზო რეჟიმი ახლოვდება
უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღის მოახლოებასთან ერთად, თბილისი მზადაა, რომ თავიდან აიცილოს ე.წ. „შეჩერების მექანიზმის“ გამოყენება, რომელიც დროებით შეაჩერებს უვიზო მიმოსვლას იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეები შეეცდებიან ბოროტად გამოიყენონ სისტემა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 23 მარტს განაცხადა, რომ „90 დღის გასვლის შემდეგ აინთება წითელი სიგნალი ჩვენს სასაზღვრო სისტემაში და დავიწყებთ ინფორმაციის გაგზავნას ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში დამრღვევი პირების შესახებ. თვითონ ამ ქვეყნების შიდა პროცედურებით დაიწყება პიროვნებების მოძიება და მათი რეადმისიის პროცედურა“.
 
Exit mobile version