პოლონეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არჩევნებს არ აღიარებს

პოლონეთმა მკაცრად დაგმო აფხაზეთში ორი გამშვები პუნქტის დახურვა და სეპარატისტული რეგიონის „ე.წ. საპარლამენტო არჩევნები“, ასევე „ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი“ ცხინვალის რეგიონში, ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 14 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

გამშვები პუნქტების დახურვა და არჩევნები „პროვოკაციული და უკანონოა საერთაშორისო სამართლის თანახად“, განაცხადა სამინისტრომ, ვინაიდან „ეწინააღმდეგება თბილისის ოფიციალურ პოზიციას“ და ხორციელდება „აფხაზეთის და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც უკვე რვა წელზე მეტია ოკუპირებულია“.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის „უცვლელი პოზიცია" საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, რომელიც "2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიის შედეგად დაირღვა“, ასევე ხაზი გაუსვა „იმის საჭიროებას, რომ აღდგეს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმური იურისდიქცია სახელმწიფოს მთელს ტერიტორიაზე მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ასევე მოხდეს აფხაზეთის და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთის რეგიონის და მათი ქმედებების არაღიარება“.

„აფხაზეთის და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთის არაღიარებული სეპარატისტული ხელისუფლებების ქმედებები არ უწყობს ხელს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით რთული ვითარების მოგვარებას, ასევე აფერხებს ჟენევის მოლაპარაკებებს და ძირს უთხრის საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რომ ქვეყანა იმ საზღვრებში მოაქციოს, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერაა აღიარებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, „პოლონური მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საქართველოს სუვერენული ტერიტორიის მცოცავი ანექსიისთვის ნიადაგს ამზადებს, რასაც შესაძლოა სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის ესკალაცია მოჰყვეს“.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს მოუწოდა გამოიყენონ „დიპლომატიური საშუალებები და პოლიტიკური გადაწყვეტა მოუძებნონ აფხაზეთის და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთის რეგიონის პრობლემას, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად რჩება“.

12 მარტს სეპარატისტულ აფხაზეთში 35-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევად არჩევნები გაიმართა.

სამხრეთ ოსეთის ამომრჩევლები რეგიონის ახალ ლიდერს 9 აპრილს აირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად სეპარატისტულ რეგიონში 9 აპრილს ასევე დაგეგმილია რეფერენდუმის ჩატარება რეგიონის სახელწოდების შეცვლის მიზნით, რომ რეგიონს ეწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ალანია“.

საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არჩევნებს თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა არ სცნობენ  – რუსეთისა და რამდენიმე ქვეყნის გარდა, რომლებმაც მათი დამოუკიდებლობა აღიარეს.

 

Exit mobile version