მარგველაშვილი: სასამართლო სისტემა საჭიროებს ‘ძირეულ და მყისიერ’ ცვლილებებს

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემა საჭიროებს „ძირეულ, მყისიერ და ფართომასშტაბიან“ რეფორმას, თუმცა ამ თვალსაზრისით „სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ აქტიურ მოკავშირეებს“.

ბათუმში 15 ივლისს გამართულ ბრიფინგზე მან პარლამენტს მოუწოდა, რომ დაასრულოს სასამართლოების შესახებ ცვლილებათა პაკეტის „ხელოვნურად გაჭიანურებული“ დამტკიცება და იმავდროულად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატად ლევან  ბოძაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოქმედი მოადგილე წარუდგინა.

მას შემდეგ, რაც უზენაეს სასამართლოში სამ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატები გასულ თვეში პარლამენტმა კენჭისყრაზე ჩააგდო, პრეზიდენტმა მათგან ორი  – თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა ხელახლა წარუდგინა საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად, მესამე კანდიდატი ანა დოლიძე კი, რომლის მიმართაც მარგველაშვილის თქმით, „იყო კითხვები“, თავის საპარლამენტო მდივნად დანიშნა, ხოლო მის ნაცვლად ახალი წარდგინება გააკეთა.

„ამ კითხვებს ჩვენ ვპასუხობთ დღეს და წარვადგენთ მაღალი კვალიფიკაციის, მაღალი პროფესიული, მორალური სტანდარტების ადამიანს  – ლევან ბოძაშვილს“, – განაცხადა პრეზიდენტმა. 

41 წლის ლევან ბოძაშვილს სასამართლოს სისტემაში მუშაობის გამოცდილება აქვს – ის 2014-15 წლებში, ვიდრე უშიშროების საბჭოში განაგრძობდა მუშაობას,  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი იყო, 2010-12 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ხელმძღვანელობდა,  1999-2001 წლებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში იურისტი, მანამდე კი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე იყო. 2005 წლიდან სამი წლის განმავლობაში ბოძაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ვიდრე 2008-09 წლებში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გახდებოდა ავსტრიაში.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები „გულისყურით მოეკიდებიან“ როგორც უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეებით შევსების საჭიროების საკითხს,  ისე სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის სახელით ცნობილი საკანონმდებლო პაკეტის მიღებას, რომლის განხილვაც პარლამენტმა მესამე მოსმენაზე შეაჩერა.

„როდესაც მესამე მოსმენაზე ჩერდება კანონი და არ არსებობს პოლიტიკური ნება ამ კანონების მიღების, ჩვენ გვიჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მნიშვნელოვანი კანონის მიღება ხელოვნურად ჭიანურდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა, რომელმაც ადრეც და ახლაც გამოთქვა მზადყოფნა ამ მიზნით რიგგარეშე სესიის მოწვევისა.

„პარლამენტი არსებობს, ის არავის არ დაუთხოვია, მას შეუძლია სექტემბერში შეიკრიბოს, მას შეუძლია სექტემბრამდე შეიკრიბოს და ამ ორივე საკითხზე მე მზად ვარ ვითანამშრომლო პარლამენტთან“, – განაცხადა მან პარასკევს ბრიფინგზე.  

პარლამენტი საზაფხულო არდადეგებზე ისე გავიდა, რომ მესამე და საბოლოო მოსმენით არ დაამტკიცა სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს სამივე ინსტანციის სასამართლოში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილებას, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა მინიმალურ ოდენობას (16) აწესებს, დეტალურ კრიტერიუმებს ადგენს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში და სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევის წესს განსაზღვრავს. სწორედ ამ უკანასკნელ საკითხზე შეუთანხმებლობას ასახელებენ მმართველი პარტიის დეპუტატები კენჭისყრის გადადების მიზეზად. კერძოდ, დეპუტატების ნაწილი თავმჯდომარეთა არჩევას ითხოვს, ნაწილი კი იმ წესის შენარჩუნების მომხრეა, რომლის მიხედვითაც, თავმჯდომარეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს.

იმავდროულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, შეჩერებული რეფორმის პირობებში, განაგრძობს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს, რასაც სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები მწვავედ აკრიტიკებენ და მის შეჩერებას მოითხოვენ, ვიდრე შერჩევა-დანიშვნის ახალი წესი არ იქნება მიღებული.

კოალიციის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ამ მოწოდებების მიუხედავად, მოსამართლის 65 ადგილზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 14 ივლისს გამართული კენჭისყრის შედეგად 44 ვაკანსია შეავსო, მათ შორის  21 მოქმედი მოსამართლე ხელახლა დანიშნა და 14 ყოფილი მოსამართლე გაამწესა.

თუმცა იუსტიციის საბჭომ, რომელიც მისი მდივნის, მესამე ინსტანციაში სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლის, ლევან მურუსიძის ხელახლა დანიშვნის გამო უკვე თვეებია კრიტიკის სამიზნეა, სამოსამართლო მანდატის გაგრძელებაზე უარი უთხრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრების დავის საქმეზე პირველ ინსტანციაში გამოტანილი განაჩენის ავტორ მოსამართლეს და ასევე კენჭისყრაზე ჩააგდო იმ მოსამართლის  კანდიდატურა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმართა სანდრო გირგვლიანის საქმე.

„ჩვენ ყველას გვეკრძალება მოსამართლეთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ანგარიშის მოთხოვნა და როცა ასეთი მაღალი უფლებების მქონე ადამიანებს ვირჩევთ, ბუნებრივია, ამ არჩევანში საზოგადოება უნდა იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული და ეს უნდა იყოს განსაზღვრული კანონით“, – განაცხადა პრეზიდენტმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ასეთ კანონს როდესაც არ იღებენ და პარალელურად მიმდინარეობს ამ უმნიშვნელოვანესი დანიშვნების პროცესი, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს“.

მან ასევე შეახსენა, რომ მოსამართლეებს მაღალ დაცულობასთან ერთად, მაღალი ვალდებულებები და აკრძალვებიც აქვთ, მათ შორის პოლიტიკური განცხადებებით პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის კუთხით.

„ჩვენ უფრო ხშირად ვხედავთ მოსამართლეებს, რომლებიც ჭკუას არიგებენ საზოგადოებას, გამოდიან მოსამართლის მანტიიდან და სასამართლო დარბაზიდან და საზოგადოებას ხან ჭკუას არიგებენ ან ემუქრებიან იმის თაობაზე, როგორ უნდა მოვიქცეთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ადრესატების დაკონკრეტების გარეშე.

ცოტა ხნის წინ, როცა ლევან მურუსიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთებულ განცხადებას პასუხობდა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო შეიძლება მიმდინარე კონკურსის ფარგლებში მოსამართლის მანტიასთან შეუსაბამო კადრებით შევსებულიყო, მან განაცხადა: „ვინც ადგენს ამას  – ვინ არის ღირსი და ვინ არა – ეს არის დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. შეიტანონ მაშინ კანონში ცვლილება და დაავალონ პრეზიდენტს დააკომპლექტოს სასამართლო“.

იმავდროულად, 15 ივლისს პრეზიდენტი მარგველაშვილი ბათუმში განთავსებულ საკონსტიტუციო სასამართლოს ესტუმრა. მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა: „მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ჩემი მხარდაჭერა და მჯერა, რომ ისინი გადაწყვეტილებებს მხოლოდ საკუთარი რწმენის საფუძველზე მიიღებენ“.

Exit mobile version