ნაციონალურმა მოძრაობამ „გაზპრომის“ წინააღმდეგ ცოცხალი ჯაჭვის აქცია გამართა



6 მარტს „გაზპრომის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ცოცხალი ჯაჭვი პარლამენტის შენობის წინ. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

თბილისის ცენტრალურ უბნებში 6 მარტს ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასმა ადამიანმა ცოცხალი ჯაჭვი გააბა იმ, როგორც პარტია აცხადებს, საეჭვო მიზნების წინააღმდეგ, რომელიც  საქართველოს ხელისუფლებას კომპანია „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში ჰქონდა დასახული.

ცოცხალი ჯაჭვი მთავრობის კანცელარიიდან ჭავჭავაძის გამზირის ბოლოს განთავსებული რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობამდე გაკეთდა, რაც დაახლოებით ხუთი კილომეტრია.

ნაციონალურმა მოძრაობამ „გაზპრომის“ წინააღმდეგ აქციის გამართვა 24 თებერვალს დააანონსა.



მომიტინგეს ხელში უჭირავს პლაკატი, სადაც ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე წინა პლანზე ჩანს „გაზპრომის“ მაისურში, 6 მარტი, 2016. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

საქართველოს მთავრობამ 4 მარტს განაცხადა, რომ ახალ შეთანხმებას მიაღწია აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR–თან აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოწოდების თაობაზე, რაც „გაზპრომიდან“ დამატებითი გაზის მოწოდების საჭიროებას ხსნის.

ამას გარდა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა 5 მარტს, რომ საქართველო და „გაზპრომი“ შეთანხმდნენ, რომ გაზის ტრანზიტის არსებული პირობები შეინარჩუნონ; შედეგად, საქართველო რუსეთიდან სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის 10%–ს მიიღებს ტრანზიტის საფასურად.



ქალბატონი ევროკავშირის დროშით „გაზპრომის“ საწინააღმდეგო აქციაზე, 6 მარტი, 2016. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge



ცოცხალი ჯაჭვის მონაწილეს ხელში უკავია პლაკატი, რომელზეც გამოსახული არიან ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი,  6 მარტი, 2016. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge



ცოცხალი ჯაჭვის მონაწილეებს ხელში უკავიათ პლაკატი, რომელთაგანაც ერთ–ერთზე ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილია გამოსახული „გაზპრომის“ უნიფორმაში, ხოლო მეორეზე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე,  6 მარტი, 2016. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

„გაზპრომს“ სურდა, რომ ტრანზიტის გადასახადი საქართველოსთვის ფინანსური ფორმით გადაეხადა. მონეტიზაციის შემთხვევაში, საქართველო, სავარაუდოდ, ვერ მიიღებდა საკმარის თანხას იმისათვის, რომ იგივე რაოდენობის გაზი შეეძინა, რასაც ის ახლა ტრანზიტის საფასურად იღებს. ამ შემთხვევაში, ქვეყანას მოუწევდა მეტი გაზის ყიდვა „გაზპრომისგან“. თუმცა, აზერბაიჯანიდან დამატებითი გაზის მოწოდების შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ, ენერგეტიკის მინისტრმა 4 მარტს განაცხადა: „დამატებითი მოცულობები ამ ეტაპზე საჭიროებას არ წარმოადგენს – საქართველო მომავალი წლების განმავლობაში იქნება უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით“.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, რომლებიც შეთანხმებაში თავიანთ წვლილს უსვამენ ხაზს, აცხადებენ, რომ მათმა მწვავე პოზიციამ საქართველოს გაზმომარაგებაში „გაზპრომის“  წილის შესაძლო გაზრდის წინააღმდეგ, აიძულა მთავრობა, რომ „გაზპრომთან“ არსებული სატრანზიტო პირობები შეენარჩუნებინა და დამატებითი გაზის მოწოდებაზე აზერბაიჯანთან გაემართა მოლაპარაკებები.

„თვეების განმავლობაში ხელისუფლება უბრალოდ ატყუებდა მოსახლეობას, როდესაც იგონებდა სხვადასხვა მიზეზს „გაზპრომის“ საქართველოში შემოსაყვანად“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ 6 მარტს, „პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ამ აქციის შემდეგ ხელისუფლება ვეღარ გაბედავს „გაზპრომთან“ განსხვავებული შეთანხმების გაფორმებას“.

„ის ფაქტი, რომ ჩვენ ხელისუფლება ვაიძულეთ, უარი ეთქვა „გაზპრომზე“ ნიშნავს იმას, რომ ამ აქციამ თავის მიზანს თითქმის მიაღწია, თითქმის იმიტომ, რომ საბოლოო მიზანს მივაღწევთ მაშინ, როცა დავრწმუნდებით ჩვენ, ქართული საზოგადოება, რომ საბოლოოდ უარი ვათქმევინეთ ხელისუფლებას საქართველოს დაბრუნებაზე რუსული გავლენის, „გაზპრომის“ და რუსული წყვდიადის ეპოქაში“, – განაცხადა მან.
ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციაზე საუბრისას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა 6 მარტს, რომ ეს „ღია კარის მტვრევა“ იყო.

„არაფერი არ ხდება ისეთი, რაც ასეთი აქციის აუცილებლობას დააყენებდა“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version