ბურჯანაძე მოსკოვში კარასინს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 19 თებერვალს მოსკოვში დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.

 „განხილულ იქნა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტები და ყურადღება გამახვილდა მათი ნორმალიზების საჭიროებაზე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში.

ეს რუსეთში ბურჯანაძის მესამე ვიზიტი იყო ბოლო შვიდ თვეში. 2015 წლის ივლისში იგი მოსკოვში კარასინს, ასევე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერს სერგეი ნარიშკინს, ხოლო სექტემბერში სანკტ–პეტერბუგში ფედერაციის საბჭოს სპიკერს ვალენტინა მატვიენკოს შეხვდა.

მაშინდელი ვიზიტების შემდეგ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობასთან მისი კონტაქტების მიზანი იყო დადებითი წვლილის შეტანა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებში და ნიადაგის მომზადება კონკრეტული ნაბიჯებისთვის მისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრობლემების მოსაგვარებლად.

დეკემბრის ბოლოს, როდესაც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზი რეჟიმი შეამსუბუქა, ბურჯანაძემ განაცხადა: „ხშირად დასმულა კითხვები იმის თაობაზე, რა შედეგები მოყვება ჩემს ვიზიტებს და რატომ დავდივარ რუსეთში. ერთ–ერთი შედეგი ნამდვილად არის იმ მოლაპარაკებებისა, რომელსაც მე ნამდვილად ვმართავდი და მუდმივად ვუსვამდი ხაზს, სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version