მოსკოვი მიესალმება პირდაპირ დიალოგს თბილისთან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მიესალმა მოსკოვის პირდაპირ მოლაპარაკებებს თბილისთან და განაცხადა, რომ ეს დიალოგი ორმხრივი ურთიერთობების „ბნელი და უპერსპექტივო ჩიხიდან“ გამოყვანას დაეხმარა.

კარასინმა ეს განცხადება პრაღაში 19 ნოემბერს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

აბაშიძეს და კარასინს შორის შეხვედრები იმ ორმხრივი დიალოგის ფარგლებში იმართება, რომელიც 2012 წლის ბოლოს დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ნოემბრის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ პრეს–რელიზში განაცხადა, რომ „პრინციპული პოლიტიკური პრობლემების მიმართ უთანხმოებების მიუხედავად, პრაღის შეხვედრების საქმიანი ატმოსფერო საშუალებას იძლევა, რომ წარმატებით და ურთიერთხელსაყრელად მოგვარდეს ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკული საკითხები“.

რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული „არახელსაყრელი მაკროეკონომიკური“ სიტუაციისა, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის შემცირება „უმნიშვნელო“ იყო.

„ამაში პოზიტიური როლი შეასრულა საქართველოს პრაგმატულმა მიდგომამ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების  საქმეში და რუსული დამცავი ზომების გამოუყენებლობამ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 2015 წლის პირველ ცხრა თვეში შარშანდელთან შედარებით 8.9%–ით შემცირდა და 530.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტი რუსეთიდან 13%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 418.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი რუსეთში 47.1%–ით შემცირდა და 112 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთი საქართველოს მეხუთე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი იყო აზერბაიჯანის, ბულგარეთის, თურქეთის და სომხეთის შემდეგ, რომლის წილმაც საქართველოს მთლიან ექსპორტში 6.8% შეადგინა.

კარასინმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „იტარ–ტასს“ მოლაპარაკებების შემდეგ განუცხადა, რომ უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, საქართველო კვლავ სარგებლობს შეღავათიანი სავაჭრო სისტემით რუსეთთან, რადგანაც მოსკოვმა არ გამოიყენა „შემზღუდველი ზომები“ მას შემდეგ, რაც თბილისმა გადაწყვიტა ხელი მოეწერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისთვის.

„ამას განზრახ ვაკეთებთ, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ეს გვეხმარება ურთიერთობების განვითარებაში, რაშიც ორივე ქვეყნის ხალხები არიან დაინტერესებულნი“, – იტყობინება „იტარ–ტასსი“ კარასინის სიტყვებზე დაყრდნობით.

„შედეგები არის და ალბათ, მთავარი შედეგი ის არის, რომ ჩვენ მოვახერხეთ და რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სააკაშვილის სახელობის ბნელი და უპერსპექტივო ჩიხიდან გამოვიყვანეთ“, – განაცხადა კარასინმა.

„დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც კი ჩვენ მოვახერხეთ ურთიერთქმედების აღდგენა ეკონომიკის კონკრეტულ დარგებში, ასევე ტრანსპორტის, კულტურის, სამეცნიერო და ჰუმანიტარულ სფეროებში“, – განაცხადა კარასინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ შეხვედრის დროს, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, აბაშიძემ მას საქართველოში ბოლო დროს განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების შესახებ უამბო, რომლის თანახმადაც „საქართველოს მოქალაქეების 70% რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას ემხრობა“.

კარასინმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკურ ოპოზიციას კვლავ მკაცრი ანტი–რუსული პოზიცია უკავია.    

„ოპოზიცია კვლავ ისწრაფვის, რომ ისტორია უკან დააბრუნოს და აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია მთავარი და ცბიერი მტერია. შეხვედრაზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, რომ რუსეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს ურთიერთობების ნორმალიზებას. ამაში დაინტერესებული არიან ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა და რიგითი მოქალაქეები“, – განაცხადა მან.

კარასინმა ასევე განაცხადა, რომ დროდადრო საქართველოს ოფიციალური პირები „არამეგობრულ რიტორიკას“ იყენებენ რუსეთის წინააღმდეგ, რაც, მისი თქმით, საქართველოს შიდა პოლიტიკური სიტუაციით არის მოტივირებული და მოსკოვი ამგვარ „თავდასხმებს“ თავშეკავებით პასუხობს.

„ჩვენ გვესმის, რომ შიდა პოლიტიკური ბრძოლის წესები ზოგჯერ უბიძგებს ქართველ პოლიტიკოსებს, მათ შორის ოფიციალურ პირებს, რომ არამეგობრულ რიტორიკას მიმართონ. ზოგჯერ, ეს რიტორიკა ძალიან მწვავეა. ვცდილობთ, რომ ზომიერი რეაგირება მოვახდინოთ, გვესმის რა, რომ შიდა პოლიტიკა დროდადრო საკუთარ კანონებს კარნახობს“, – განაცხადა კარასინმა.

მისი თქმით, პრაღის შეხვედრების შუალედებში  მას სატელეფონო კონტაქტები აქვს თავის ქართველ თანამოსაუბრესთან. მომდევნო შეხვედრა 2016 წლის პირველ კვარტალში იგეგმება, განაცხადა კარასინმა; ზუსტი თარიღი მოგვიანებით შეთანხმდება.

მისივე თქმით, შეხვედრაზე უთხრა ქართველ დიპლომატს, რომ მოსკოვი კვლავაც განაგრძობს რუსული ვიზების საქართველოს მოქალაქეებისთვის გაცემის პრაქტიკის გამარტივებას.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ აღნიშნა შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, რომ აბაშიძემ ისაუბრა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ადამიანების სისტემატური  დაკავებების, გალის რაიონის სასწავლო დაწესებულებებში ქართული ენის შეზღუდვისა და  საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მავთულხლართების აღმართვის თაობაზე.

„ყოველივე ეს უქმნის სერიოზულ საფრთხეს ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ითქვა, რომ ზემოაღნიშნულის პრევენციისთვის ქართული მხარე იყენებს და მომავალშიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ დიპლომატიურ ბერკეტებს საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ინფორმირების მიზნით“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ. 

ამავე ინფორმაციით, განხილულ იქნა ასევე ჰუმანიტარული საკითხები, კერძოდ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში იხდიან სასჯელს  ჯაშუშობის ბრალდებით.

„აღინიშნა, რომ სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მიღებულ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზეც ჩვენი ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს“, – ნათქვამია ღარიბაშვილის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შარშან რუსეთმა საქართველოს სამი პირი გადმოსცა, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში იხდიდნენ სასჯელს. პრაღაში გამართულ წინა შეხვედრებზეც ფიგურირებდა რუსეთის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების  საკითხი. 

არც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და არც საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციას არ უხსენებია ორ ქვეყანას შორის საბაჟო კონტროლის შესახებ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) 2011 წლის შეთანხმების განხორციელების საკითხი. ეს პრაღაში ივლისში გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ–ერთი თემა იყო, თუმცა მას შემდეგ რაიმე პროგრესს ადგილი არ ჰქონია.

Exit mobile version