აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა პრაღაში ნოემბერში იგეგმება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ 23 ოქტომბერს სატელეფონო საუბარი გამართეს და ნოემბერში შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„განიხილებოდა რუსულ-ქართული ორმხრივი ურთიერთობების რამდენიმე პრაქტიკული საკითხი“, – აცხადებს სამინისტრო სატელეფონო საუბრის შესახებ.

„პრაღაში შემდეგი შეხვედრის გამართვა ნოემბრის შუა რიცხვებისთვის გადაწყდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკანასკნელად აბაშიძე და კარასინი ერთმანეთს პრაღაში თებერვლის ბოლოს შეხვდნენ.  არაფორმალური დიალოგის ეს ფორმატი 2012 წლის დეკემბერში დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

Exit mobile version