სახალხო დამცველის თქმით, ოპოზიციონერი აქტივისტების წინასწარი დაკავება ‘გაუმართლებელია’

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სამი ოპოზიციონერი აქტივისტისთვის ქართული ოცნების დეპუტატთან დაპირისპირების შემდეგ წინასწარი პატიმრობის შეფარდება „გაუმართლებელია“ და „შერჩევითი მართლმსაჯულების შესახებ ეჭვებს აჩენს“, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

სასამართლომ 5 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის და მასთან ასოცირებული „თავისუფალი ზონის“ სამ აქტივისტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც 2 ოქტომბერს პარლამენტის შენობის წინ "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე  ქართული ოცნების დეპუტატთან დაპირისპირებას უკავშირდება. ოპოზიციამ ხელისუფლება სამართლის შერჩევით გამოყენებაში დაადანაშაულა, რადგანაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების წინააღმდეგ წინა მსგავსი ინციდენტების დროს, ეჭვმიტანილები ან არ დააკავეს, ან მხოლოდ დააჯარიმეს.

სახალხო დამცველმა აღნიშნა 7 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ პასუხობს „დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს“ და პროკურატურის არგუმენტს ემყარება, რომლის თანახმადაც, „მოსალოდნელია ახალი დანაშაულის ჩადენა, თუმცა, აღნიშნული არგუმენტი გამყარებულია ბრალდებულთა მიერ წარსულში ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცდომებით, რაც თავისთავად არ წამოადგენს არც დანაშაულს და არც დანაშაულის ჩადენის წინაპირობას“.

„მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში მომხდარი იდენტური შემთხვევების დროს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, რომლებიც დეტალურადაა განხილული სახალხო დამცველის 2012, 2013 და 2014 წლების საპარლამენტო ანგარიშებში, აქციის მონაწილეთა მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით ბრალის წაყენების შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოყენებული როგორც წესი, არ ყოფილა. აღნიშნული კი აჩენს შერჩევითი მართლმსაჯულების ეჭვს და არ აძლიერებს ნდობას საქართველოს პროკურატურისა და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

6 ოქტომბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში 10 სამოქალაქო საზოგადოებრივი და უფლებადამცველი ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვას ამ ფაქტის გამო და აცხადებს, რომ „ხდება კანონის და სახელმწიფო ინსტიტუტების შერჩევითად და არაპროპორციულად გამოყენება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version