თბილისის თქმით, ქართველმა და რუსმა დიპლომატებმა ვმო-ს შეთანხმების შესრულებაზე შეიძლება აგვისტოში გამართონ შეხვედრა

თბილისი იმედს გამოთქვამს, რომ ერთობლივი კომიტეტი რუსეთისა და შვეიცარიელი მედიატორების მონაწილეობით აგვისტოში შეიკრიბება, რათა ზედამხედველობა გაუწიოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) შეთანხმების შესრულებას საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მონიტორინგის თაობაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ 15 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

„საბაჟო მონიტორინგის შესახებ მიღწეულია საკმაოდ სერიოზული შეთანხმება იმის თაობაზე, რომ აგვისტოში გაიმართება უკვე სამუშაო შეხვედრა შვეიცარიაში, სადაც ალბათ გაფორმდება უკვე შესაბამისი ერთობლივი კომიტეტი, გაფორმდება კონტრაქტები შვეიცარიულ კომპანიასთან და უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ეს პროექტი ამოქმედდება“, – განუცხადა აბაშიძემ ქართველ ჟურნალისტებს პრაღაში.

საქართველო მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას, რაც თბილისმა და მოსკოვმა შვეიცარიის შუამავლობით 2011 წლის ნოემბერში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

შეთანხმება, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს „ნეიტრალური კერძო კომპანიის“ დაქირავებას სამი „სავაჭრო დერეფნის“ გავლით ტვირთების გადაადგილებაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით. ორი სავაჭრო დერეფანი სეპარატისტულ რეგიონებში მდებარეობს, ხოლო მესამე ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე.

მონიტორინგის განსახორციელებლად შეირჩა ჟენევაში განთავსებული კომპანია SGS. აბაშიძეს სწორედ ეს კომპანია ჰქონდა მხედველობაში, როცა იმედოვნებდა, რომ საქართველო და რუსეთი აგვისტოში ცალ–ცალკე კონტრაქტებს გააფორმებენ მასთან შვეიცარიაში.

2011 წლის შეთანხმების თანახმად, რუსეთმა, საქართველომ და მესამე ნეიტრალურმა მხარემ ანუ შვეიცარიამ ”ერთობლივ კომიტეტი” უნდა შექმნან, რომელიც  შეთანხმების შესრულებას გაუწევს ზედამხედველობას და ასევე უფლებამოსილი იქნება მხარეებს შორის შესაძლო დავები განიხილოს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომავალ თვეში ამ საკითხზე შვეიცარიის შუამავლობით შესაძლოა შეხვედრა შედგეს, ქართულმა მხარემ გაავრცელა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზი, რომელიც 15 ივლისს აბაშიძე-კარასინის შეხვედრას მიმოიხილავს, არაფერს ამბობს ვმო-ს შეთანხმებასა და აგვისტოში ამ საკითხზე შვეიცარიაში შესაძლო შეხვედრაზე.

15 ივლისს აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა პრაღაში იმ პირდაპირი ორმხრივი დიალოგის ფარგლებში შედგა, რომელიც თბილისსა და მოსკოვს შორის 2012 წლის ბოლოს დაიწყო იმ ვითარებაში, როცა ორ ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვეტილი აქვს. ამ მოლაპარაკებებზე ძირითადად სავაჭრო- ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები განიხილება.

როგორც ქართულმა, ისე რუსულმა მხარეებმა განაცხადეს, რომ აბაშიძემ 15 ივლისის შეხვედრაზე სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერების აღმართვის საკითხი წამოწია აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის სიახლოვეს და იმ ტერიტორიის თბილისის კონტროლის მიღმა მოქცევით, სადაც BP-ის მიერ მართული ბაქო-სუფსას ნავთობსადენის 1 605 მეტრიანი მონაკვეთი გადის.

აბაშიძემ განაცხადა, რომ მან დაგმო ეს ქმედება, როგორც „პროვოკაცია“, რომელიც „სერიოზულ საფრთხეს“ უქმნის რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. კარასინმა კი გამეორა მოსკოვის პოზიცია, რომ ეს საკითხები განხილული უნდა იქნას არა მოსკოვთან, არამედ პირდაპირ ცხინვალთან.

„პრინციპული პოლიტიკური პრობლემების მიმართ არსებული განსხვავებული მიდგომების მიუხედევად, პრაღის შეხვედრის საქმიანმა ატმოსფერომ ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკული საკითხების წარმატებული განხილვის შესაძლებლობა შექმნა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

შეხვედრის შემდეგ აბაშიძემ განაცხადა, რომ „ძალიან სერიოზული ნაბიჯი“ გადაიდგა საქართველოს იმ მოქალაქეების გათავისუფლებისკენ, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით სასჯელს რუსეთში იხდიან. გასულ წელს რუსეთმა საქართველოს ამავე მუხლით გასამართლებული სამი ადამიანი გადმოსცა.

„ჩვენ გადავდგით ძალიან სერიოზული ნაბიჯი ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც რუსეთში სასჯელს იხდიან ჯაშუშობის ბრალდებით, გათავისუფლების მიზნით და ვფიქრობ, ახლო მომავალში ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება ამ მიმართულებით“, – განუცხადა აბაშიძემ ტელეკომპანია „იმედს“.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელი და საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი მიხეილ ხმალაძე პირველად ჩაერთვნენ პრაღის შეხვედრაში 15 ივლისს.

მართალია შეხვედრაზე აფხაზეთის გავლით ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლის თემა დაისვა, მაგრამ ეს საკითხი სიღრმისეულად არ განხილულა, კარასინისა და აბაშიძის ინფორმაციით.

„ჩვენ ამ საკითხს ამ ფორმატში არ განვიხილავთ“, – განაცხადა აბაშიძემ, „მათი მიდგომა არის აბსოლუტურად მიუღებელი. მათი პოზიცია არის ასეთი: ‘ქართულ მხარეს თუ გაინტერესებთ, განიხილეთ ეს აფხაზებთან, განიხილეთ ეს სხვა მეზობლებთან’. ჩვენი პასუხი არის ასეთი: ‘არ გვაინტერესებს. ამ კონტექსტში, ამ ფორმით ჩვენ ამ საკითხს არ განვიხილავთ’“.

მომავალ კვირას შესაძლოა ზურაბ აბაშიძე დეპუტატების წინაშე წარდგეს ინფორმაციით, რომლის დროსაც მას ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკის მოსმენა მოუწევს, რომლებიც აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებისკენ მოუწოდებენ; ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ეს ფორმატი ორმხრივი ურთიერთობების მოგვარების შესახებ მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის, რაც საქართველოს ინტერესების დამაზიანებელია განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული  ქმედებების საერთაშორისო დონეზე წამოწევა ხდება.

 

Exit mobile version