ქადაგიძე ‘ცილისმწამებლური კამპანიის’ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა 5 ივნისს, რომ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ მიმდინარე „ცილისმწამებლური კამპანია“ ქვეყანას აზიანებს და მოუწოდა, რომ „გადაბრალებასა და კუდიანებზე ნადირობაზე“ დროის ხარჯვის  ნაცვლად, ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე მოხდეს ფოკუსირება. 
 
ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას, რომ მან პროკურატურას ქადაგიძის წინააღმდეგ გამოძიების შეჩერება სთხოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის თხოვნის საფუძველზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა:  „რა თქმა უნდა, ასეთი არასერიოზული განცხადება ისეთ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რბილად რომ ვთქვათ, არის ძალიან საზიანო ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის“. 
 
„სამი წელია ჩვენ გვესმის და ვხედავთ ტალახის სროლას ეროვნული ბანკის და ჩემს მიმართ. თუ ვინმეს რამე კითხვა აქვს, ჩვენ აქ ვართ, აგერ ვართ და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს… სამი წელია ჩვენი პოზიცია არის მარტივი ამ საკითხთან დაკავშირებით – არსებობს პროკურატურა, არსებობს სასამართლო“, – განაცხადა ქადაგიძემ.
 
ქართული ოცნების დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა, რომელიც პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ქადაგიძე თავად არის საფრთხე ეკონომიკისთვის და არა ის განცხადებები, რომელთაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს.
 
მეჭიაური იმ კანონპროექტის თანაავტორია, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციებს ართმევს და ცალკე სააგენტოს გადასცემს, რომლის საბჭოს წევრებს პარლამენტი აირჩევს. ინიციატივა ბიზნეს ასოციაციებმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკრიტიკეს. პრეზიდენტმა ვეტოს გამოყენების შესაძლებლობაზეც მიანიშნა

ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში აზიმ სადიკოვმა განაცხადა 5 ივნისს, რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ გამოუთქვამს და ვერც მომავალში გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ცალკეული ქვეყნის სამართალწარმოებაზე ან ერთეული პირის კანონთან მიმართებაზე“.
 
„საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის ფორმატში საერთაშორისო სავალუტო ფონდი მუდამ უსვამს ხაზს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პატივისცემისა და დაცვის მნიშვნელობას“, – განაცხადა სადიკოვმა. 
 
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ  5 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ ბოლო თვეების მანძილზე მან რამდენჯერმე განაცხადა, რომ „თავდასხმები და ცილისწამებლური კამპანია“ ბანკის წინააღმდეგ უნდა შეჩერდეს.
 
კითხვაზე ემსახურება თუ არა ეროვნული ბანკის „წინააღმდეგ კამპანია“ მის იძულებას გადადგომისკენ, ქადაგიძემ, რომლის უფლებამოსილების ვადაც 2016 წლის თებერვალში იწურება, უპასუხა: „მე მიჭირს პასუხის გაცემა ამ კითხვაზე. არსებობს კონსტიტუციური ვადები და კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადები და პროცედურები, ყველა იქნება დაცული“.  
 
მისი თქმით, პირველად ეროვნულ ბანკს მოუწოდებდნენ, რომ მეტი აშშ დოლარები დაეხარჯა საკუთარი რეზერვებიდან ლარის მხარდასაჭერად; შემდეგ ამას მოყვა „ყოვლად დაუსაბუთებელი ბრალდება“, რომ თითქოს ლარის გაუფასურება გამოიწვია ფულის მასის ზრდამ  და „შემდეგ უკვე იყო ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ადგილი აქვს კომერციული ბანკების მხრიდან და ეროვნული ბანკის მხრიდან სპეკულაციებს და სხვადასხვა შეთქმულების თეორიებს“.
 
„რა თქმა უნდა, როგორც კი იწყება პროფესიული დისკუსია ამ თემაზე – ღია და დახურულ ფორუმებზე – ყველა ეს ბრალდება საპნის ბუშტივით სკდება“, – განაცხადა ქადაგიძემ.
 
„ცალსახად მინდა განვაცხადო – რომ არა ეროვნული ბანკის მიერ ძალიან პრინციპული პოზიცია ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, ის ზიანი, რომელსაც მიიღებდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ეკონომიკა, იქნებოდა გაცილებით დიდი“, – განაცხადა მან.    
   
„ის განცხადებები, რომელიც ჩვენ გვესმის ბოლო პერიოდში, სხვა არაფერია თუ არა უპასუხისმგებლო მცდელობა, გადაიფაროს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – ეს არის ლარის კურსის გაუფასურებით მიღებული ზიანი“, – განაცხადა მან, „დღეს დისკუსიები უნდა მიდიოდეს ვითარების გაუმჯობესებისკენ გადასადგმელი ნაბიჯების ირგვლივ, ინვესტიციების, ტურიზმის და კონკრეტული პრობლემების მოგვარების ირგვლივ… ნაცვლად ამისა, კვლავაც გრძელდება დაუღალავი კამპანია ეროვნული ბანკის წინააღმდეგ“.
 
„ჩვენ არ გვაქვს გადაბრალების და კუდიანებზე ნადირობის დრო. მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს, შეწყდეს თავდასხმები ეროვნულ ბანკზე. ეს არის საზიანო ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის და ეს არის საზიანო ჩვენი ინვესტორების განწყობებისთვის“, – დასძინა ქადაგიძემ.  
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version