რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მცდელობას რუსეთთან ურთიერთობების „პრაგმატულ საფუძველზე“ დალაგების თაობაზე, თუმცა შეშფოთება გამოთქვა თბილისის ნატოში მისწრაფების გამო და აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიციაში მოსკოვი „დუალიზმს“ ხედავს.

კარასინმა, რომელიც რუსეთის მთავარი მომლაპარაკებელია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებულ ჟენევის მოლაპარაკებებში და ასევე მონაწილეობს თბილისთან პირდაპირ დიალოგში, რომელსაც ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძე უძღვება, საქართველოსთან ურთიერთობებზე „როსიისკაია გაზეტასთან“ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც 7 აპრილს გამოქვეყნდა.

„თბილისთან დიალოგის გაგრძელებას ვაპირებთ ყველა იმ სირთულეების მიუხედევად, რომლებიც დროდადრო იჩენს თავს“, – განაცხადა კარასინმა, „მას შემდეგ, რაც 2012 წელს ხელისუფლებაში ახალი ხელმძღვანელობის წარმომადგენლები მოვიდნენ, მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილი და მისი მომხრეები, გადაწყდა, რომ ეს დიალოგი შესაძლოა დაეხმაროს პრაქტიკული საკითხების მოგვარებას და ადამიანებს შორის კონტაქტების გაადვილებას. რუსეთში თითქმის მილიონი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, რომლებიც ჩვენი ხალხის ნაწილია. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან ცხა შეხვედრა შედგა. ეს გაწონასწორებული და გამოცდილი ადამიანია. ამ შეხვედრებზე ჩვენ არ ვეხებით იმ პრობლემებს, რომლებიც ამ ვითარებაში გადაუჭრელია, აქცენტს ვაკეთებთ ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკულ საკითხებზე – ტრანსპორტზე, ავიაციაზე, ჰუმანიტარულ კონტაქტებზე, სავიზო პრაქტიკაზე, ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტზე“.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში „მთლიანობაში, ჩვენ ნორმალურად ვავითარებთ კავშირებს“.

თუმცა კარასინმა იქვე აღნიშნა, რომ „აგრესიულად მოაზროვნე“ ოპოზიცია საქართველოში ცდილობს თბილისსა და მოსკოვს შორის ორმხრივი ურთიერთობების „ხელოვნურად დაძაბვას“.

„დღეს სიტუაციას ხელოვნურად ძაბავენ ოპოზიციური ძალები, რომლებიც ძირითადად „სააკაშვილის ბუდიდან“ არიან. ეს აგრესიულად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც იმ ეკონომიკურ სირთულეებს, რომლებსაც თბილისი აწყდება, საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ“, – განაცხადა კარასინმა.

„თუმცა, სამომავლოდ მნიშვნელოვანია, რომ  საქართველომ ჩამოიბერტყოს წარსულის თავგასული ანტირუსულად განწყობილი რეჟიმის ტვირთი, რომელიც ყველა ბოროტებას ჩრდილოელ მეზობელში ხედავდა. რა ნეგატიურიც არ ხდებოდა ქვეყანაში თუ რეგიონში, მაშინვე რუსეთს უკავშირებდნენ“, – განაცხადა კარასინმა, „ეს პოლიტიკური იდიოტიზმის მაგალითია“.

„მითუმეტეს, როცა შენ ცხოვრობ ძლევამოსილი ქვეყნის გვერდით მდებარე პატარა ქვეყანაში, უფრო რაციონალური იქნება, რომ გეოპოლიტიკური ამბიციები რეალურ ცხოვრებას შეუთავსო. სხვა შემთხვევაში, შენს ხალხს გამოცდისთვის წირავ. ზუსტად ეს მოხდა  2008 წლის აგვისტოში ქართული ავანტიურის შედეგად. სააკაშვილმა ქვეყნის მეხუთედი დაკარგა“, – განაცხადა კარასინმა და დასძინა, რომ ცხინვალის რეგიონზე თბილისის „თავდასხმა“ შესაძლოა გარედან იყო ნაკარნახევი.

„საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა რუსეთთან ურთიერთობების უფრო პრაგმატულ საფუძველზე დალაგებისკენ ისწრაფვის“, – განაცხადა მან.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაღელვებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩნდებიან ნატოს იდუმალი საწვრთნელი ცენტრები, კეთდება ხმამაღალი განცხადებები, რომ საჭიროა ნატოს სტრუქტურებში ქვეყნის მსვლელობის დაჩქარება და ა.შ.“, – განაცხადა კარასინმა.

„ჩვენ ამას მხედველობაში ვიღებთ და [საქართველოს] პოზიციაში დუალიზმს ვხედავთ“, – დასძინა მან.

„იმავდროულად, მხედველობაში ვიღებთ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება კონკრეტული საკითხების გადაწყვეტით და რუსეთის ფედერაციასთან პრაგმატული ურთიერთობებით არის დაინტერესებული. ჩვენც დაინტერესებულები ვართ იმით, რომ საქართველოსთან მშვიდობიანად და თანხმობაში ვიცხოვროთ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

რუსეთის მიერ სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან „მეკავშირეობის“ შესახებ ბოლო დროს გაფორმებული შეთანხმებების კომენტირებისას, კარასინმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე „თბილისის და დასავლეთის მიერ მოწყობილი ისტერია“ არის „რეგიონში სიტუაციის 2008 წლის აგვისტოში დაბრუნების მცდელობა“.

„ჩვენ არ შეგვიძლია უფლება მივცეთ თბილისს, რომ მუდმივად ეჭვქვეშ დააყენონ მათი შესაძლებლობა ჩვენთან ურთიერთობების იმ ფორმით განვითარებაზე, რომლებსაც ისინი თვლიან საჭიროდ“, – განაცხადა კარასინმა.

Exit mobile version