ივანიშვილი: უკრაინაში სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნა ‘სამწუხაროა, თუმცა არა ტრაგიკული’

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „სამწუხარო“ უწოდა იმ ფაქტს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელზეც თბილისს ძებნა აქვს გამოცხადებული, თავის მრჩევლად დანიშნა, მაგრამ, მისი თქმით, ეს არაა „ტრაგედია“, რასაც  საქართველო „გაგებით უნდა მოეკიდოს“ და ახსოვდეს, რომ უკრაინა „მეგობარი“ სახელმწიფოა, რომელიც დახმარებას საჭიროებს. 

„ძალიან სამწუხაროა. მე წუხილს გამოვთქვამდი ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ივანიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

„პროკურატურას რამდენიმე საქმეზე აქვს წაყენებული ბრალდება სააკაშვილისთვის და მეგობარმა სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება უნდა გააკეთოს; და ძალიან სამწუხაროა, თუ ეს ასე იქნება, ადეიშვილზე მითუმეტეს, ადეიშვილი [ინტერპოლის] ცირკულარშია ჩასმული, სააკაშვილისგან განსხვავებით“, – განაცხადა ივანიშვილმა ყოფილი ხელისუფლების იუსტიციის მინისტრზე, რომელსაც მართალია რაიმე ოფიციალური თანამდებობა უკრაინის მთავრობაში არ დაუკავებია, თუმცა არაფორმალურად რჩევებს აძლევს უკრაინის ხელისუფლებას, როგორც ამის თაობაზე ის ქართველი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომლებიც ამჟამად უკრაინაში მუშაობენ.

„რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ აქაც ტრაგიზმში ნუ გადავვარდებით; ტრაგიკული არაა ეს, თუმცა კარგი არაფერი არაა, მე არ ვმალავ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„უკრაინა არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და არცერთ შემთხვევაში ეჭვი არ უნდა გავაჩინოთ, რომ ეს შეიძლება შეიცვალოს; ჩვენ ყველაფერი უნდ გავაკეთოთ, რომ გავაღრმავოთ და მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, რამეთუ უკრაინა ჩვენზე უარეს დღეში გახლავთ დღეს, ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია და რაც შეიძლება გაგებით მოვეკიდოთ, თუმცა ეს ძალიან შემაშფოთებელია ჩემთვის და სამწუხაროა, მაგრამ გაგებით მოვეკიდოთ“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა.

„რამეთუ ჩვენ ვიცით სააკაშვილი ვინაა და ვინ არის ადეიშვილი, მათი ხელწერა არ დაბრალდეს საქართველოს და ქართველობას და არ მოხდეს ისე, რომ აქედან გაასწრო სააკაშვილმა და ადეიშვილმა და უკრაინას შეიძლება ვერ გამოასწრონ", – განაცხადა მან და დასძინა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის „ტრაგედიის“ დროს დაშვებულ "შეცდომებში" სააკაშვილის „ძალიან დიდი წვლილია“.

„და ამ დროს ის კაცი, რომ იქ მრჩევლად აჰყავთ, რა თქმა უნდა, სახიფათოა ეს მრავალმხრივ. ჩვენ განვიცდით უკრაინული სახელმწიფოს, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ბედს და პერსპექტივას, ჩვენ გვინდა, რომ მას ყველაფერი კარგად ჰქონდეს და ღირსეულად გამოვიდეს ამ მძიმე მდგომარეობიდან“, –  განაცხადა ივანიშვილმა, თუმცა დასძინა, რომ „უკრაინა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მას ჰყავს არჩეული ხელმძღვანელობა და მათ აქვთ ეს უფლებები, თუმცაღა ჩვენ გვერჩია, რომ უფრო მეტი გაეთვალისწინებინათ“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version