ღარიბაშვილი მოსმენების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივებზე



პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსმენების შესახებ ინიციატივებზე ჟურნალისტებთან ვარძიაში ისაუბრა, სადაც მან 20 ნოემბერს სამონასტრო კომპლექსის განათების ახალი სისტემა და მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 ნოემბერს განაცხადა, რომ ის ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების იმ პაკეტს უჭერს მხარს, რომელიც შსს-ს ფარულ მიყურადებაზე პირდაპირი წვდომის ბერკეტს უტოვებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ჩართულობით.

ამ საკანონმდებლო ინიციატივასთან ერთად, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატების ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილის და გედევან ფოფხაძის ავტორობით 20 ნოემბერს დარეგისტრირდა, იმავე დღეს მოგვიანებით მეორე ინიციატივა ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან ვახტანგ ხმალაძემ დაარეგისტრირა, რომლის თანახმადაც  მოსმენებზე პირდაპირი წვდომა –  ე.წ. გასაღები, რომელიც ამჟამად შსს-ს ხელშია, უნდა გადაეცეს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.  კახა ბექაურმა, კომისიის ხუთი წევრიდან ერთ-ერთმა 20 ნოემბერს განაცხადა, რომ ის არ თვლის მართებულად, რომ  კომუნიკაციების  ეროვნულ კომისიას ეს ახალი ფუნქცია დაეკისროს.

გაიმეორა რა საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმ ინიციატივის წინააღმდეგ ისაუბრა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მთლიანად ჩამოართმევს უფლებას, რომ პირდაპირი წვდომა ჰქონდეს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებზე.

მისი თქმით, ბესელიას-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი „ოპტიმალური გამოსავალია და მე მას მხარს ვუჭერ“.

„ჩვენ არ გვაქვს უფლება ექსპერიმენტების ჩატარების“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „ძალიან მარტივად არის რეალურად სიტუაცია, მსოფლიო იცნობს რამდენიმე მოდელს. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც არის აპრობირებული ცივილიზებულ სამყაროში, დემოკრატიულ ქვეყნებში –  მე არ ვიცი რატომ ვართ ჩვენ, საქართველო იმაზე მეტად დემოკრატიული, ვიდრე არის საფრანგეთი, ან პოლონეთი, ან ჩეხეთი, ან ისრაელი ან ამერიკა?“

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა გაიმეორა 20 ნოემბერს, რომ ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას.

ეს წინადადება, რომლის ავტორებს შორის არიან საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გულისხმობს, რომ ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომა აღარ უნდა ჰქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სანაცვლოდ, ეს მექანიზმი უნდა გადაეცეს მობილურ ოპერატორებს და სასამართლოს, რომელთაც ტექნიკურად ერთდროულად უნდა შეეძლოთ სასამართლოს მიერ სანქცირებულ მოსმენაზე დაშვება მისცენ სამართალდამცავებს. უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა 20 ნოემბერს განაცხადა, რომ ამ მოდელის პრაქტიკული განხორციელება რთული იქნება. ამ წინადადებას საკანონმდებლო ინიციატივის სახე არ მიუღია. მართალია მისი ინიცირების სურვილი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა გამოთქვეს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარი განაცხადეს ამ შეთავაზებაზე და სანაცვლოდ, ქართული ოცნების დეპუტატებს ან მათ ყოფილ თანაგუნდელებს „თავისუფალი დემოკრატებიდან“ მოუწოდეს მათი ვარიანტის ინიცირებისკენ.

„ეს არის კატასტროფა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ამ წინადადების შესახებ, „ამას მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, როგორც ყველა ნორმალური, ჯანსაღი, პატრიოტი, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი. ამას გეგმავენ ნაციონალები და იყენებენ თავის არასამთავრობოებს ამისთვის“. 

„მე მინდა პირდაპირ ვთქვა ჩემი სათქმელი – მათი მთავარი მიზანი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პარალიზება. ისინი ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს და ვის ინტერესებშია სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლა, ეს ძალიან კარგად ვიცით“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა, „ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ოპოზიციის, პოზიციის, ყველასი, რომ ჩვენი სახელმწიფო გავაძლიეროთ და არ დავასუსტოთ. მე სანამ ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არავის არ მივცემ უფლებას, რომ ექსპერიმენტები ჩაატარონ ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობაზე, გამორიცხულია ეს. ჩვენ მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც არის მორგებული ჩვენს რეალობაზე“.

უკონტროლო ფარული მიყურადების წინააღმდეგ მიმდინარე სამოქალაქო კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრემიერ-მინისტრის „დაუსაბუთებელ“ ბრალდებებს 21 ნოემბერს სპეციალური განცხადებით უპასუხეს.

„ნამდვილად ძნელი იქნება საქართველოს ევროპელი პარტნიორების დარწმუნება, რომ შეურაცხმყოფელი და საზოგადოების თვალში მაკომპრომეტირებელი გამონათქვამები მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, საქართველოში დემოკრატიის მონაპოვარია და არ არის პოლიტიკურად მოტივირებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

"როგორც ჩანს საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის სახელმწიფოს გაძლიერება უსაფრთხოების სამსახურებისა და მოქალაქეების ტოტალური კონტროლის გაძლიერებასთან არის გაიგივებული. ვფიქრობთ, რომ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების დაბალანსებულ სისტემას ემყარება, სადაც ყველა ინსტიტუტის მოქმედება კანონმდებლობით არის განსაზღვრული, რის გამოც გამოირიცხება ქვეყნის არაფორმალური მმართველობა".

„არასამთავრობო ორგანიზაციათა მიზანი არა სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლა, არამედ მათი გაძლიერებაა. შეუძლებელია დემოკრატია არსებობდეს იქ, სადაც მხოლოდ ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი – სამართალდამცავი ორგანო არის ძლიერი“, – აცხადებს კამპანია „ეს შენ გეხება“. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა 20 ნოემბერს, რომ ბესელია–სესიაშვილი–ფოფხაძის პროექტი კონტროლის სწორ მექანიზმს უზრუნველყოფს და საფრთხეს არ შეუქმნის უსაფრთხოების სამსახურების შესაძლებლობებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარ საფრთხეებს გაუმკლავდნენ. 

იზორიამ განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“, რომ შსს–სთვის „გასაღების“ ჩამორთმევა და მისი სხვა უწყებისთვის გადაცემა, არა მხოლოდ ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ  ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასაც შეუქმნის პრობლემებს, რადგანაც საქართველოს კონტრდაზვერვის ოპერაციებიც დასუსტდება.

პარლამენტმა მოსმენების შესახებ  ახალი მოდელი დაჩქარებული წესით, 1 დეკემბრამდე უნდა მიიღოს, ვინაიდან პრეზიდენტის ვეტოში გამოთქმული შენიშვნების გაზიარებით დეპუტატებმა სწორედ ამ ვადამდე შეავიწროვეს კანონის მიღების ვალდებულება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version