სააკაშვილი აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში ‘აღარ გამოიყენება კლასიკური თამაშის წესები’

ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „რუსმა ოლიგარქმა“, ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „გააუქმა საარჩევნო სისტემა“ და ხელისუფლების შეცვლისთვის „კლასიკური თამაშის წესები“ აღარ გამოიყენება საქართველოში. 

ბრიუსელიდან საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში 25 ოქტომბერს, რომ მიზანს უნდა წარმოადგენდეს „ქართველი პატრიოტების“ გაერთიანება არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების გარშემო, არამედ „საქართველოს გადარჩენის იდეის“ გარშემო, რომელიც, მისი თქმით, „ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას“.

მანამდე 25 ოქტომბერს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომლის თავმჯდომარეც სააკაშვილია, საქართველოს მთავრობა „არაფრის კეთებაში“ დაადანაშაულა იმ ფონზე, როცა რუსეთი აფხაზეთის „ანექსიას“ ცდილობს და 15 ნოემბერს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია დააანონსა. ნაციონალურმა მოძრაობამ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდა, რომ შეუერთდნენ დაგეგმილ საპროტესტო აქციას.

„ხშირად გამიგია ჩემი მეგორებისგან: ‘2016 წელს წყნარად ამათ შევცვლით’. ივანიშვილმა უკვე გააუქმა საარჩევნო სისტემა. მას მიაჩნია, რომ საქართველო დააპრივატა და მეტი საქმე არ აქვს, რომ არჩევნებით ვინმეს რამე გადააბაროს. დიდი მიამიტობა იქნებოდა რწმენა იმისა, რომ ის ამას, თავისი გადმოსახედიდან, დაუშვებს. ვფიქრობ, რომ ისეთი სიტუაციაა, სადაც ცალკე აღებული ვერც ერთი პოლიტიკური პარტია კლასიკური თამაშის წესებით ვეღარ გააკეთებს საქმეს, ვინაიდან კლასიკური თამაშის წესები აღარ არის საქართველოში, ეს არის მცდელობა პროვინციული დიქტატურის დამყარების საქართველოში“, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც საქართველოში სხვადასხვა სისხლის სამართლის ბრალდებებთან დაკავშირებით იძებნება; თავად ექს–პრეზიდენტი უარყოფს ყველა ბრალდებას და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

„საქართველოს სჭირდება გადარჩენა, საქართველოს გადარჩენა არის ახალგაზრდობაში, ახალ მოძრაობაში, ახალ ენერგიაში. რა თქმა უნდა, ეს ენერგია და ახალი მოქმედებები უნდა იყოს მშვიდობიანი; ყველაზე მეტად რაც რუსეთს უნდა საქართველოში, არის ძალადობა; ყველაზე მეტად რაც მათ უნდათ არის, რომ ვიღაცამ გაისროლოს საქართველოში“, – განაცხადა მან.

მოგვიანებით იმავე 50–წუთიან ინტერვიუში სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ როდესაც ხალხი „იქნება მობილიზებული და ერთ მუშტად შეკრული დემოკრატიის და განვითარების იდეის გარშემო, ეს მთავრობაც იძულებული იქნება, რომ არჩევნები ჩაატარონ დემოკრატიულად და თავისუფლად“. მაგრამ მან ასევე განაცხადა, რომ „ხანძარი უკვე შემოსულია და თუ სახლი დაიწვა… ამიტომ ეხლავე უნდა ვაიძულოთ, რომ რაღაცეები გააკეთონ“.

მისი თქმით, ერთადერთი რაც ხალხს დარჩა არის ის, რომ ხმა ამოიღოს, როდესაც მთავრობა „ვერ ასრულებს თავის მთავარ ფუნქციებს – ესაა საქართველოს ხალხის კეთილდღეობა, უსაფრთხოება და დაცულობა“ და „საქართველოს საერთაშორისო პოზიციების დაცვა იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად“.          

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version