კრემლის მიერ სოხუმისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების ფონზე პრაღაში ქართველი და რუსი დიპლომატების შეხვედრა გაიმართა

არავის აქვს უფლება და არც ძალა შესწევს, რომ მოსკოვს და სოხუმს თავიანთი ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანაში შეუშალოს ხელი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და გააკრიტიკა საქართველოს რეაქცია მოსკოვის მიერ სეპარატისტული აფხაზეთისთვის შეთავაზებულ ახალ ხელშეკრულებაზე, რომელიც თბილისმა დაგმო, როგორც მისი სეპარატისტული რეგიონის „ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება 16 ოქტომბერს მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც პრაღაში ქართველი და რუსი დიპლომატების „არაფორმარლური დიალოგის“ მორიგი რაუნდი გაიმართა. ამ დიალოგს ორ ქვეყანას შორის 2012 წლის დეკემბერში ჩაეყარა საფუძველი დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში პირდაპირი კომუნიკაციის დასამყარებლად.

მოლაპარაკებები, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი უძღვებიან, ძირითადად სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზეა ფოკუსირებული, რასაც შარშან ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნა მოყვა; თუმცა 16 ოქტომბრის შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა რუსეთის მიერ ინიცირებული ხელშეკრულების საკითხის იყო სეპარატისტულ აფხაზეთთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ თაობაზე. 

„მართალია ეს ჩვენი მოლაპარაკებების მანდატში არ შედის, მაგრამ ჩემმა ქართველმა კოლეგამ მწვავედ დააყენა ეს საკითხი“, – განუცხადა კარასინმა ქართველ ჟურნალისტებს მოლაპარაკებების შემდეგ პრაღაში, თუმცა იქვე დასძინა, რომ მოსკოვი სისრულეში მოიყვანს თავის განზრახვას აფხაზეთთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.

მან ასევე განაცხადა, რომ შემოთავაზებული ხელშეკრულების პროექტი „ფაქტიურად აჯამებს ამჟამად არსებული ურთიერთობების ეტაპს“ მოსკოვსა და სოხუმს შორის და არანაირ საფრთხეს არ უქმნის აფხაზეთის „სუვერენიტეტს“.

რუსეთის მიერ შემოთავაზებული პროექტი აფხაზეთშიც გააკრიტიკეს. სოხუმში მართალია სურთ მოსკოვთან ურთიერთობების განახლება, მაგრამ შემოთავაზებული ხელშეკრულების პროექტს შეშფოთებით შეხვდნენ „სუვერენიტეტის დაკარგვის“ საფრთხის გამო.

ქართველმა და რუსმა დიპლომატებმა გუშინდელი შეხვედრა მომდევნო რაუნდის სავარაუდო თარიღის დაგეგმვის გარეშე დაასრულეს.

შეხვედრის შემდეგ აბაშიძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მას და მის რუს თანამოსაუბრეს „რადიკალურად განსხვავებული ხედვები“ აქვთ ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით.

„ჩემი მხრიდან მე მას ავუხსენი, თუ რა რისკებთან არის ეს დაკავშირებული, რა სირთულეებს შეუქმნის ის ჩვენ დიალოგს, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ“, – განაცხადა აბაშიძემ, „ჩვენი მხრიდან ეს, რა თქმა უნდა, შეფასდება, როგორც აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი შესაბამისი სამართლებრივი დასკვნებით. ისიც აღვნიშნეთ, რომ მაქსიმალურად შევეცდებით ჩავრთოთ საერთაშორისო თანამეგობრობა  ამ პროცესში“.

აბაშიძეს მოლაპარაკებების წინ, ძირითადად, ოპოზიცია და ასევე ქართული ოცნების ერთი დეპუტატიც მოუწოდებდნენ, რომ პროტესტის ნიშნად არ მიეღო მონაწილეობა მოლაპარაკებების ამ რაუნდში.

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში რეზოლუციის პროექტი წარადგინა, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას გააუქმოს რუსეთთან მოლაპარაკებების ეს ფორმატი და გადახედოს „რუსეთთან  მიმართებაში დღემდე წარმოებულ კონტრპროდუქტიულ პოლიტიკას“. ქართული ოცნების დეპუტატებმა გააკრიტიკეს ოპოზიციის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელსაც პარლამენტი სავარაუდოდ არ მიიღებს. 

აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს, განაგრძობს თუ არა მოსკოვთან დიალოგის ამ ფორმატს. თავად აბაშიძე, სავარაუდოდ, არ დაუჭერს მხარს ამ მოლაპარაკებების შეწყვეტას.

„რაღაცაზე უარის თქმა არის ძალიან იოლი, ამას  არაფერი არ უნდა, ერთი ზარი უნდა ტელეფონით და ეს ყველაფერი დასრულდება; მაგრამ თუკი ეს მოხდება, ძალიან სწრაფად ისევ დაგვჭირდება ჩვენ რაღაცა  ფორმით რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყება. ამაზე თუ ჩვენ ვიტყვით უარს, ეს იქნება, ჩემი აზრით, ძალიან რთული გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, რომ ემოციების აყოლამ, ემოციებზე დაფუძნებულმა გადაწყვეტილებებმა ჩვენ არაერთხელ გვაჩვენა, რომ დაფიქრება სჯობს ყოველთვის“, – განაცხადა აბაშიძემ.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის ახალი ხელშეკრულების მომზადების მიმართ მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მან საჭიროდ ჩათვალა „გაიმეოროს რამდენიმე უკვე ცნობილი ფაქტი და შეფასება“.

 „2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივ სამხედრო ავანტიურას სამხრეთ კავკასიაში შეუქცევადი პოლიტიკური ცვლილებები მოყვა“, – განაცხადა სამინისტრომ, „რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარა. 2008 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულებამ მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ რუსეთ–აფხაზეთის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს ჩაუყარა საფუძველი. ამ დოკუმენტში და ასევე შემდეგ გაფორმებულ თითქმის 80 ორმხრივ შეთანხმებაში ასახულია ორი მეგობარი ქვეყნის სწრაფვა ყოველმხრივ გააძლიერონ თავიანთი ურთიერთობები“.

„თბილისის მტკიცე უარმა პატივი სცეს აფხაზეთის არჩევანს დამოუკიდებლობის სასარგებლოდ უბიძგა მოსკოვს და სოხუმს, რომ 2008 წლის ხელშეკრულებაში შეეტანათ დებულებები აგრესიის წინააღმდეგ ერთობლივი თავდაცვის და რესპუბლიკის საზღვრების ერთობლივი დაცვის თაობაზე. მოგვიანებით გაფორმებული ცალკე შეთანხმებების საფუძველზე აფხაზეთში შეიქმნა რუსული სამხედრო ბაზა და განთავსდა სასაზღვრო კონტინგენტი“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადების, ქართველი მოღვაწეების გამონათქვამების კონფრონტაციული ტონი დამაჯერებელი არგუმენტია იმისთვის, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსულ–აფხაზური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება მოხდეს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

 „არავის აქვს უფლება და არც ძალუძს, რომ ხელი შეუშალოს რუსეთს და აფხაზეთს სრულყონ თავიანთი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები თანამედროვე განვითარების ახალ ეტაპზე, მათ შორის პოსტ–საბჭოთა სივრცეში და ზოგადად მსოფლიოში მზარდი ინტეგრაციული ტენდენციების ფონზე. ეჭვიც არ გვეპარება, რომ ხელშეკრულების პროექტის ღია და ენერგიული განხილვა, რომელიც ახლა აფხაზეთში მიმდინარეობს, დაგვეხმარება ერთობლივად შევიმუშაოთ დოკუმენტი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება ორი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან“, – განაცხადა სამინისტრომ.

„ასეთი პერსპექტივა, ქართული მხარის განცხადებების მიუხედავად, არ შეიცავს არანაირ საფრთხეს არც ქართულ–რუსული ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესისთვის, და მით უფრო, არც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისთვის“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. 

„ვინაიდან, ეს საკითხი საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ დააყენა პრაღაში 16 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა მას რუსული მხარის პრინციპული პოზიცია გააცნო“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

Exit mobile version