პრაღაში აბაშიძის და კარასინის შეხვედრა გაიმართა

თბილისი და მოსკოვი მიესალმნენ 7 ივლისს პრაღაში ექსპერტების დონეზე გამართულ „კონსტრუქციულ“ და „სასარგებლო“ კონსულტაციებს რუსეთ–საქართველოს ორმხრივ ვაჭრობაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პოტენციური ზეგავლენის თაობაზე.

ორი ქვეყნის ეკონომიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს შორის შეხვედრას მოჰყვა მოლაპარაკებები რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგოლ კარასინს შორის, რომელთა შეხვედრაც 9 ივლისს პრაღაში უკვე მეშვიდედ გაიმართა მას შემდეგ, რაც 2012 წლის დეკემბერში „არაფორმალური დიალოგის“ ამ ფორმატს საფუძველი ჩაეყარა.

„თანამოსაუბრეები [კარასინი და აბაშიძე] მიესალმნენ კონტაქტების დაწყებას რუს და ქართველ ექსპერტებს შორის იმ ახალი ფაქტორების გაანალიზების მიზნით, რომლებიც ორმხრივ სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებში წარმოიშვა“ მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, „ექსპერტებს შორის კონსულტაციების პირველი რაუნდი პრაღაში 7 ივლისს კონსტრუქციულ გარემოში გაიმართა“.

აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ევროკავშირთან აუცილებლად ექნება ზეგავლენა რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობაზე, თუმცა ამ საკითხს დეტალური შესწავლა სჭირდება, მათ შორის საბაჟო გადასახადების კონტექსტში, რათა თავიდან იქნას აცილებული „ნეგატიური სიურპრიზები“.

„კონსულტაციები გაიმართა ჩვენს ექსპერტებს შორის იმის თაობაზე, თუ რა სახის ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ასოცირების შესახებ შეთანხმებამ. ვფიქრობ, ჩვენი წინასწარი შთაბეჭდილებები ემთხვევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსულტაციები [ექსპერტებს შორის] გაიმართა. კონკრეტული და ღია დიალოგია საჭირო იმის თაობაზე, თუ როგორი ზეგავლენა ექნება ამას ჩვენს ორმხრივ ვაჭრობაზე“, – განაცხადა კარასინმა.

„ვფიქრობ, რომ არ არის იმის საჭიროება, რომ წინასწარ რაიმე ზომებით და სანქციებით დავემუქროთ ან საკუთარ თავს, ან პარტნიორებს; საჭიროა, რომ დავსხდეთ მშვიდად, ურთიერთპატივისცემით და დეტალურად დავიანგარიშოთ, თუ რომელ სფეროებში და რა მასშტაბით შეიძლება მოხდეს ცვლილებები ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ“, – იტყობინება „რია ნოვოსტი“ კარასინის სიტყვებზე დაყრნობით, რომელმაც ასევე დასძინა, რომ შემდგომი გადაწყვეტილებები სწორედ ამ გაანგარიშებებზე იქნება დამოკიდებული.

მისი თქმით, ეს საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის მზარდი სავაჭრო ბრუნვის ფონზე.

2014 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან 35.4%–ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ძირითადად რუსეთში ქართული ექსპორტის 3.5–ჯერ ზრდის წყალობით.

ზურაბ აბაშიძემ უთხრა ჟურნალისტებს, რომ პრაღაში ექსპერტების დონეზე გამართული შეხვედრა „ნამდვილად სასარგებლო და ინფორმატიულად მნიშვნელოვანი“ იყო.

„რაიმე განსაკუთრებული დრამატული ცვლილებები ჩვენ სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებში მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ, „მაგრამ, რა თქმა უნდა, რუსეთის მხარე ცდილობს გაარკვიოს ზოგადად ეს ახალი რეალობა, ანუ უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება ხომ არ შეუქმნის რაიმე საფრთხეს რუსეთის ეკონომიკას და რუსეთის ბაზარს. ჩვენი პოზიცია ცნობილია. ჩვენ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავთ. მაგრამ ისინი ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ და თუკი იქნება საჭირო ინფორმაციის გაცვლა, რაღაც დამატებითი ურთიერთობა ამ თვალსაზრისით, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“. მისი თქმით, არ მიაჩნია, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება ეწინააღმდეგება ნორმალურ, ურთიერთხელსაყრელ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან ან რომელიმე სხვა მეზობელთან.   

ორმა დიპლომატმა ასევე განიხილა 15 სექტემბრიდან თბილისსა და მოსკოვს შორის რეგულარული ფრენების განახლების საკითხი. ამჟამად ორ ქვეყანას შორის ჩარტერული ფრენები ხორციელდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კარასინი და აბაშიძე მიესალმნენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და საქართველოს შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობას დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგების აღმოფხვრის საქმეში. მეწყერმა თითქმის ერთი თვით ჩაკეტა სახმელეთო მოძრაობა ორ ქვეყანას შორის არსებული სასაზღვრო–გამშვები პუნქტის გავლით.  

„კმაყოფილებით აღინიშნა, რომ შესაძლებელი გახდა უმოკლეს დროში მოძრაობის აღდგენა სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

მომდევნო შეხვედრა კარასინს და აბაშიძეს შორის ოქტომბერში დაიგეგმა, განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებამ და საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურმა.

Exit mobile version