თბილისი და მოსკოვი საქართველო-ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე კონსულტაციებს გეგმავენ

ქართველი და რუსი ექსპერტები ტექნიკური კონსულტაციების გამართვას გეგმავენ, რათა განიხილონ რუსეთ–საქართველოს ორმხრივ ვაჭრობაზე თუ რა პოტენციური გავლენა ექნება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველო და ევროკავშირი პარასკევს მოაწერენ ხელს.

ამგვარი კონსულტაციების „უახლოეს მომავალში“ გამართვის საკითხი იქნა განხილული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის სატელეფონო საუბრის დროს 23 ივნისს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.  

რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად კარასინმა და აბაშიძემ ასევე იმსჯელეს ექსპერტებს შორის კონსულტაციების გამართვაზე „სავაჭრო–ეკონომიკური პრობლემების შესახებ თბილისის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოახლოებული ხელმოწერის კონტექტსში“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ექსპერტები საქართველო–რუსეთის ორმხრივი ვაჭრობის ტექნიკურ დეტალებს მას შემდეგ განიხილავენ, რაც თბილისი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

ფანჯიკიძემ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს უკანდახევა იმ პროგრესში, რომელიც ორმხრივ ვაჭრობაში მას შემდეგ იქნა მიღწეული, რაც რუსეთმა ქართული პროდუქციის იმპორტზე ემბარგო მოხსნა.

„ეს ტექნიკური შეხვედრა იმას ემსახურება, რომ სხვადასხვა დეტალი გაირკვეს, თუ როგორ მოხდება შემდეგ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან“, – განაცხადა მან.

ამგვარ ტექნიკურ კონსულტაციებს თბილისსა და მოსკოვს შორის ევროკავშირიც უჭერს მხარს. ბრიუსელი უკვე მართავს ტექნიკურ შეხვედრებს რუსეთთან, რათა რუსულ ეკონომიკაზე ევროკავშირი–უკრაინის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ზეგავლენა განიხილოს. ევროკავშირი აცხადებს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არ ეწინააღმდეგება უკრაინის ან სხვა ქვეყნების მონაწილეობას დსთ-ს სავაჭრო შეთანხმებებში და ამ ქვეყნებსა და რუსეთს შორის პრივილიგირებული სავაჭრო ურთიერთობების შეჩერება არ იქნება გამართლებული.   
 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 22 მაისს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა საქართველოს სუვერენული უფლებაა, მაგრამ თბილისს უნდა ესმოდეს, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას და იმ ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ რუსეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა შარშან ქართული ღვინის და სხვა პროდუქციის იმპორტზე ემბარგო მოხსნა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა 12–13 ივნისს საქართველოში ვიზიტის დროს, რომ ევროკავშირი მზად არის რუსეთთან დისკუსიებში ჩაერთოს, თუ მოსკოვს სურვილი ექნება, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ზოგიერთი ასპექტები „გაარკვიოს“.

„ჩვენ ამ ხელშეკრულებებს ექსკლუზიურად არ მივიჩნევთ. საქართველოს, რა თქმა უნდა, შეუძლია სხვა ქვეყნებთანაც გააფორმოს სხვა შეთანხმებები“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, „ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით საქართველოს ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან. ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან ვაფორმებთ, რომელთაც ასევე აქვთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები სხვა ქვეყნებთან. ვაჭრობას კონფრონტაციად არ აღვიქვამთ, არამედ ვაჭრობას ჩვენ ვხედავთ, როგორც თანამშრომლობას“.

„მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი სურვილი, რომ მოლაპარაკებები ვაწარმოოთ რუსეთთან, რათა განვიხილოთ ამ შეთანხმებების კონკრეტული განხორციელება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მხრიდან რაიმე წუხილებს ექნება ადგილი. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ შეთანხმებებს, რომლებზეც ამ ქვეყნების მთავრობებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ იქნება გარკვეული წუხილები, რაიმე ტექნიკური საკითხები, რომელთა გარკვევაც ჩვენ რუს პარტნიორებს სურთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ბაროზომ.  

მან ასევე განაცხადა, რომ „გარკვეული პროპაგანდა მიდის, რომლის თანახმადაც, ჩვენი შეთანხმება ვინმეს წინააღმდეგაა მიმართული“.

„არა, ჩვენი შეთანხმება არავის წინააღმდეგ არაა მიმართული; ეს ეხება თავისუფალ ვაჭრობას. ჩვენ არ განვიხილავთ ვაჭრობას პოლიტიკური კუთხით; ჩვენ ვხედავთ ვაჭრობას როგორც მეტ შესაძლებლობას ზრდისა და სამუშაო ადგილებისთვის“, – დასძინა ბაროზომ.

მან ასევე განაცხადა, რომ მაშინ, როცა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არ უშლის საქართველოს სხვა ქვეყნებთანაც ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, რუსეთის ლიდერობით შექმნილი საბაჟო კავშირი „სხვა საკითხია, რადგანაც იქ საქმე ეხება საერთო საგარეო ტარიფს და თუ შენ საერთო საგარეო ტარიფი გაქვს, რომელიც უფრო მაღალია, ვიდრე თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში არსებული ტარიფები, მაშინ ეს შეუსაბამოა“.

Exit mobile version