აფხაზეთის ლიდერი ‘გადატრიალების მცდელობას’ გმობს

სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის დატოვება მოუხდა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები მისი გადადგომის მოთხოვნით შენობაში შეიჭრნენ სოხუმის ცენტრში 27 მაისს გამართული ფართომასშტაბიანი აქციის შემდეგ. 

ანქვაბმა, რომლის პირველი ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადა 2016 წელს იწურება, დაგმო ოპოზიციის მიერ სამთავრობო შენობის დაკავება და ის „ხელისუფლების ძალისმიერი გზით აღების მცდელობად“ შეაფასა.

სოხუმიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომიტინგეები სულ ცოტა ორჯერ შეეცადნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას; თავდაპირველად რამდენიმე ათეული მომიტინგე, რომელთაც შენობის ფანჯრები ჩაამსხვრიეს, ანქვაბის მხარდამჭერებმა მოიგერიეს და მართალია შეხლა–შემოხლას ჰქონდა ადგილი, მაგრამ რაიმე მწვავე დაპირისპირება არ მომხდარა.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ იტყობინებოდა სამშაბათს შუაღამემდე, რომ ოპოზიციის აქტივისტებმა სამშაბათს ადგილობრივი დროით 23:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე „კონტროლი დაამყარეს“ ისე, რომ ანქვაბის მხარდამჭერებისგან „წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ“.

რუსული და აფხაზური საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ოპოზიციის ერთ–ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა რაულ ხაჯიმბამ უთხრა მხარდამჭერებს, რომ ოპოზიცია „დროებით ხელში იღებს მართვის სადავეებს“; მან ასევე მოუწოდა მომიტინგეებს, რომ არ დაშლილიყვნენ. ამასთან, ანქვაბის მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ მთავრობა „კვლავ აკონტროლებს ქვეყანას“.

ოთხშაბათს ღამის 3 საათამდე „აფსნიპრესმა“ ადგილობრივ ტელევიზიასთან ანქვაბის ინტერვიუს ნაწყვეტები გამოაქვეყნა, სადაც აფხაზეთის ლიდერი აცხადებს, რომ ის აფხაზეთში რჩება და თავისი უშიშროების საბჭოს წევრებთან „სხვადასხვა სცენარებს“ განიხილავს. მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ანქვაბმა განაცხადა, რომ „ადამიანების დიდმა ჯგუფმა, მათ შორის შეიარაღებულებმა“, სახელმწიფო ტელევიზია „დაიკავეს“. 

ანქვაბმა, რომელმაც თვის დასაწყისში გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო ერთი დღე საავადმყოფოში გაატარა, განაცხადა, რომ მომიტინგეებს დაცვის მხრიდან რაიმე წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით.

„იურიდიულად ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების შეიარაღებული გზით ხელში ჩაგდების მცდელობაა“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ ანქვაბის სიტყვებზე დაყრდნობით, „მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ სიტუაცია კანონიერ ფარგლებში დავაბრუნოთ“.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან იყო მცდელობა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების აზრი გაეგოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას აპირებენ ისინი.

„სამართალდამცავი სტრუქტურები სახელმწიფოს ერთგული არიან და ისინი ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს“, – განაცხადა ანქვაბმა.      

ერთობლივ განცხადებაში, რომელიც „აფსნიპრესმა“ 28 მაისს შუაღამის შემდეგ გამოაქვეყნა, სამართალდამცავი და უშიშროების სტრუქტურების ხელმძღვანელობამ განაცხადა: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყნის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს“.

განცხადებაში, რომელსაც სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის მინისტრი მირაბ ქიშმარია, შინაგან საქმეთა მინისტრი ოთარ ხეცია, უშიშროების სამსახურის უფროსი ასლან ბჟანია და სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი რაულ ლოლუა აწერენ ხელს, ნათქვამია, რომ შემდგომმა „ესკალაციამ შესაძლოა კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს“.

„ძალოვანი სტრუქტურები პოლიტიკის მიღმა არიან, თუმცა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ბრძოლის არაკონსტიტუციური მეთოდები, რასაც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლია“, – ნათქვამია განცხადებაში, „დაჟინებით მოვუწოდებთ ყველა ძალას სამართლებრივი ქმედებებისკენ მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის ფარგლებში“.

სამშაბათს შუადღისთვის წინასწარ დაგეგმილ აქციაზე რამდენიმე ათასმა ადამიანმა დაიწყო შეკრება სოხუმის ცენტრში, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან რამდენიმე ასეულ მეტრში.

ინფორმაცია მომიტინგეთა რაოდენობის შესახებ 5 000–დან 10 000–მდე მერყეობდა, რაც აფხაზეთის სტანდარტებისთვის საკმაოდ მაღალი აქტივობაა.

აქცია სახელწოდებით „საყოველთაო შეკრება“ საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. საბჭო ოთხ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას და შვიდ საზოგადოებრივ მოძრაობას აერთიანებს.

საკოორდინაციო საბჭო შარშან შეიქმნა და თავდაპირველად ის ოპოზიციურმა ჯგუფებმა იმისთვის ჩამოაყალიბეს, რომ ანქვაბს აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილებში, მათ შორის გალის რაიონში, სადაც ძირითადად ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ, „პასპორტიზაციის“ პროცესთან დაკავშირებით დაპირისპირებოდნენ. ანქვაბის მიდგომა, რომელსაც ასევე ემხრობოდა მისი წინამორბედი და მოკავშირე სერგეი ბაღაფში და რომელიც გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების დარიგებას ისახავდა მიზნად სეპარატისტული რეგიონის დანარჩენ ნაწილებთან მეტი ჩართულობისთვის, ოპოზიციურმა ჯგუფებმა გააკრიტიკეს,  როგორც საფრთხე „აფხაზეთის სუვერენიტეტის“ მიმართ.

მართალია ეს საკითხი კვლავ რჩება საკოორდინაციო საბჭოს ყურადღების ცენტრში, მაგრამ მის დღის წესრიგს მთელი რიგი სხვა საკითხებიც დაემატა დაწყებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემებით და დამთავრებული დემოკრატიული რეფორმების ნაკლებობით.

2014 წლის აპრილში საკოორდინაციო საბჭომ მთელი რიგი მოთხოვნები წამოაყენა, როგორც მან განაცხადა, აფხაზეთში „სისტემური კრიზისის“ დაძლევის მიზნით.   
   
ამ მოთხოვნებს შორისაა: პრემიერ–მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას და მთელი კაბინეტის, ასევე გენერალური პროკურორის  დათხოვნა; საკოორდინაციო საბჭოს მიერ შერჩეული ახალი პრემიერ–მინისტრის დანიშვნა; ახლად არჩეული პრემიერ–მინისტრის მიერ მთავრობის წევრების შერჩევა, რომელთაც შემდეგ პრეზიდენტი დაამტკიცებს; საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავება პარლამენტის და პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილებების გაზრდის ხარჯზე პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების მიზნით. საკოორდინაციო საბჭომ ასევე მოუწოდა, რომ თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ გალის, ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონების ხელმძღვანელები.  საბჭოს გააფრთხილა მაშინ, რომ ის „საყოველთაო შეკრებას“ მოიწვევდა და ანქვაბის გადადგომას მოითხოვდა, თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.  ანქვაბმა უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ „ულტიმატუმი მიუღებელი და არაპროდუქტიულია“.

საკოორდინაციო საბჭოს ერთ–ერთი მთავარი ფიგურა დეპუტატი რაულ ხაჯიმბაა, რომელიც ოპოზიციური პარტიის აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის ლიდერია.

ხაჯიმბა, რომელმაც 1980–იან წლებში კგბ–ს აკადემია დაამთავრა მინსკში, სეპარატისტული რეგიონის ვიცე–პრეზიდენტი იყო 2005–2009 წლებში. მან ეს თანამდებობა აფხაზეთის მაშინდელ ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან ხელისუფლების გაყოფის შესახებ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დაიკავა, რასაც წინ უძღოდა სადავო საპრეზიდენტო არჩევნები 2004 წელს.

2011 წლის არჩევნები ანქვაბმა მოიგო ხმების დაახლოებით 55%, ხოლო ხაჯიმბა მესამე ადგილზე გავიდა ხმების დაახლოებით 20%–ით. 

2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხაჯიმბას კანდიდატურას მოსკოვმა საჯაროდ დაუჭირა მხარი; 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხაჯიმბა შეეცადა, რომ მოსკოვზე აფხაზეთის გადაჭარბებული დამოკიდებულება გაეკრიტიკებინა და ხელისუფლება რუსეთის მიერ გამოყოფილი დახმარების არაეფექტური გამოყენების გამო გააკრიტიკა.

ეს საკითხი ოპოზიციის მიერ ხელისუფლების კრიტიკის ერთ–ერთ მიზეზად კვლავ რჩება. გარდა იმისა, რომ ოპონენტები ანქვაბს „ავტორიტარულ“ მმართველობაში ადანაშაულებენ, ისინი ასევე აკრიტიკებენ მას იმის გამო, რომ მან რუსეთის ფინანსური დახმარება იმ პროექტებისკენ მიმართა, რომლებიც, ოპოზიციის თქმით, არ უზრუნველყოფენ მდგრად ეკონომიკურ ზრდას.    

27 მაისს საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირის „არუაას“ თავმჯდომარემ ვიტალი გაბნიამ განაცხადა: „არის თუ არა სახელმწიფო დამოუკიდებელი, როდესაც მისი ბიუჯეტის 70% დახმარების სახით მიღებული ფულისგან შედგება?“  

„ჩვენი პრეზიდენტი… მეფედ გადაიქცა. ცალმხრივად გადაწყვეტილების მიღების სისტემამ ქვეყანა გაკოტრებამდე მიიყვანა“, – განაცხადა მან.

საპროტესტო აქციის პარალელურად, ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი, მათ შორის ხაჯიმბა მოლაპარაკებებს აწარმოებდა ანქვაბთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

სამშაბათს საღამოს საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებოდნენ, რომ ანქვაბი დათანხმდა ოპოზიციის მოთხოვნების ნაწილის შესრულებაზე, მათ შორის მთავრობის დათხოვნაზე. ამ ინფორმაციას შეხვედრაში მონაწილე ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებდნენ. თუმცა, ანქვაბის მხარდამჭერებმა ეს ცნობები უარყვეს.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ანქვაბმა განაცხადა, რომ მართალია ოპოზიცია მოლაპარაკებების რაღაც მომენტში მის გადადგომასაც მოითხოვდა, მაგრამ მოლაპარაკებები შემდეგ იმ საკითხებზე გაგრძელდა,  რომლებიც მთავრობის შეცვლას და გენერალური პროკურორის, ასევე გალის და ტყვარჩელის რაიონების ხელმძღვანელთა გადადგომას ეხებოდა.  მისი თქმით, ოპოზიციამ მოლაპარაკებები დატოვა და დაბრუნდა ქუჩაში მხარდამჭერებთან, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის „აღება“ მოყვა.

აქციის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „არუაას“ ხელმძღვანელი ვიტალი გაბნია გამორიცხავდა სამთავრობო შენობების „ძალით აღებას“. „ნებისმიერი ადამიანი, ვინც შეეცდება ამის გაკეთებას, საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას და ყველა წააგებს ამით“, – აცხადებდა გაბნია.

პარლამენტის თავმჯდომარის ვალერი ბგანბას ინფორმაციით, ოთხშაბათს 11 საათზე პარლამენტის საგანგებო სხდომა დაინიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version