ღარიბაშვილი ხუდონჰესის პროექტის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს



სვანეთის სოფელ ხაიშის ხედი. ეს და კიდევ რამდენიმე ახლომდებარე სოფელი დაიტბორება ხუდონჰესის მშენებლობის პროექტის ფარგლებში 200 მეტრის კაშხლის მშენებლობის შემთხვევაში, რასაც გარემოსდაცველი ორგანიზაციები და ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიურად ეწინააღმდეგება; 2014 წლის მარტი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის მიმართ და განაცხადა, რომ ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისთვის პროექტის  სარგებელი მნიშვნელოვნად გადაწონის მის უარყოფით ზემოქმედებას.

19 აპრილს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ჰუდონჰესის პროექტი „გასაკეთებელია ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის“, რადგანაც „ეს არის უმნიშნელოვანესი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის და ენერგო უსაფრთხოების მისაღწევად“.



„ხუდონჰესი არ აშენდება“ – წარწერა სოფელ ხაიშში გამოკრულ ბანერზე, 2014 წლის მარტი. ადგილობრივებს შორის დიდი უნდობლობაა მთავრობის და იმ კომპანიის მიმართ, რომელიც პროექტის განხორციელებას კურირებს. მართალია ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამა შეიცავდა პუნქტს, სადაც ფართომასშტაბიანი ჰიდროელექტროსდადგურების წინააღმდეგ იყო საუბარი, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ახალმა მთავრობამ ხუდონჰესის პროექტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

700 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენება სვანეთის რეგიონში  დაახლოებით 200 მეტრის კაშხლის მოწყობას მოიცავს მდინარე ენგურზე. პროექტის განხორციელება პირველად 80–იან წლებში დაიწყო, თუმცა ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების გამო მშენებლობა შეწყდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე. პროექტი ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის პირობებში განახლდა, რომელმაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე კომპანია „ტრანს ელექტრიკასთან“ გააფორმა კონტრაქტი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების უფლებით. 



სოფელი ხაიში, 2014 წლის მარტი.  ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

მოქმედმა ხელისუფლებამაც დაუჭირა მხარი პროექტს, თუმცა მას გარემოსდამცველი ორგანიზაციების და ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა შეხვდა. კომპანია „ტრანს ელექტრიკას“ ინფორმაციით, პროექტის შედეგად დაიტბორება სოფელი ხაიში და კიდევ შვიდი სოფელი, რასაც დაახლოებით 200 ოჯახის გადასახლება დასჭირდება.



ზურაბ ნიჟარაძე, სოფელ ხაიშის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ხუდონჰესის პროექტის და გადასახლების ერთ–ერთი აქტიური მოწინააღმდეგეა;  სოფელი ხაიში, 2014 წლის მარტი.  ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

„ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ამ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ გარკვეული განცდა იმისა, რომ იქ რაღაც დაზიანდება, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ეს უამრავ სარგებელს მოუტანს თითოეულ ოჯახს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.



სოფელ ხაიშში მდებარე ეკლესიის ეზო, 2014 წლის მარტი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

„თუ ამ ადამიანებს აქვთ რაიმე კითხვები, ჩვენ უნდა ავუხსნათ… მე ვიცი, რომ ამ მიმართულებით გრძელდება ინტენსიური მუშაობა, ამ ოჯახებთან მიდის მუშაობა, რომ ყველა ეს კითხვა მოიხსნას. რა თქმა უნდა, ჩვენ ისეთს არაფერს არ გავაკეთებთ, რომ რაღაც ზიანი მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას, ან გარემოს“, – განაცხადა მან.



ხაიშის მკვიდრი 80 წლის მარო კახიანი ამბობს, რომ არა მხოლოდ ადგილობრივი თემი, არამედ მთელი სვანეთის რეგიონი აღუდგება წინ პროექტს, რომელსაც ხაიშის და ახლომდებარე სოფლების დატბორვა მოყვება; 2014 წლის მარტი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

„რაღაც დაზიანდება, ბუნებრივია, მაგრამ ყველაფერი საპირწონე და შედარებითია – რაღაცის გაფუჭებით ძალიან ბევრი კარგი რამ შეიქმნება, რომელიც მოხმარდება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას. ამ შემთხვევაში, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ და არა ჩვენი პირადი ინტერესებიდან. მე მესმის, რომ მათთვის [ადგილობრივი მოსახლეობისთვის] ძალიან მტკივნეულია [გადასახლება].  მე არ გამოვრიცხავ, რომ იგივე რეაქცია არ მექნებოდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.    

მან ასევე დასძინა, რომ ადგილობრივებს „დიდ კომპენსაციებს“ და „გვერდზე სოფლებში დასახლებას“ სთავაზობენ, ასევე „ყველა პირობით მოწყობას, რაც მათ ახლა არ აქვთ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version