ქართველი და რუსი დიპლომატების შეხვედრა გადაიდო

ქართველი და რუსი დიპლომატების შეხვედრა, რომელიც თავდაპირველად 4–5 მარტს პრაღაში იგეგმებოდა,  მარტის შუა რიცხვებისთვის გადაიდო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის თხოვნით, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

დიალოგის ეს ფორმატი ორ ქვეყანას შორის, რომელთაც დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვეტილი აქვთ, 2012 წლის დეკემბერში დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

აბაშიძემ განაცხადა ორშაბათს, რომ მისი ვარაუდით, შეხვედრა „ტექნიკური“ მიზეზებით უფრო გადაიდო, ვიდრე „პოლიტიკური“.

მისი თქმით, შეხვედრა 14 მარტს გაიმართება. აბაშიძემ ამის თაობაზე ჟურნალისტებს თბილისში მიმდინარე ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში განუცხადა, სადაც ქართველი და რუსი ექსპერტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს განიხილავენ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version