ლავროვი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესახებ საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა 20 დეკემბერს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნების მოხსნამდე უნდა მოგვარდეს „სამართლებრივი საკითხები“, რომელშიც ის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობას გულისხმობდა.

ლავროვმა განაცხადა 18 დეკემბერს, რომ მართალია საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსული ვიზების გაცემის ლიბერალიზაცია მოხდა, მაგრამ მოსკოვი „ჯერ არ არის მზად, რომ სავიზო რეჟიმი გააუქმოს“.

თუმცა მეორე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა თავის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რომ „ჩვენ შესაძლოა წავიდეთ უვიზო რეჟიმის დაბრუნებაზე“ საქართველოსთან. მის ამ განცხადებას თბილისი მიესალმა. საქართველოს ცალმხრივად გაუქმებული აქვს სავიზო რეჟიმი რუსეთთან.

ამ საკითხზე 20 დეკემბერს „რია ნოვოსტი“–სთან ინტერვიუში საუბრისას ლავროვმა განაცხადა: „დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისურვებდით, რომ მოგვეხსნა ყველა დაბრკოლება ჩვენს მოქალაქეებს შორის ურთიერთობებში. ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა ნებისმიერ ქვეყანასთან მიმართებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ბარიერის და შეზღუდვის მოხსნას“.

„მაგრამ ამისათვის უნდა განისაზღვროს გარკვეული საბაზისო, სამართლებრივი საკითხები“, – განაგრძო მან, „სამართლებრივი თვალსაზრისით, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. სამართლებრივი თვალსაზრისით, საქართველო ისევ მიიჩნევს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს მის ტერიტორიებად. ეს საკითხები გარდაუვლად წამოიჭრება, როდესაც საქმე იმას ეხება, რომ ჩვენ რაღაც შეთანხმებები გადავიტანოთ ფურცელზე. ამიტომ, იურისტები შეხედავენ ამ სიტუაციას, თუმცა ჩვენი წინა მცდელობები იმ საკითხებს აწყდებოდა, რაზეც ამ წუთას ვისაუბრე“, – განაცხადა ლავროვმა.

კითხვაზე, თუ როდის შეიძლება დაიწყოს კონსულტაციები სავიზო საკითხებზე, ლავროვმა უპასუხა, რომ მოსკოვი და თბილისი არაფორმალურ დიალოგს აწარმოებენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს შორის რეგულარული შეხვედრების გზით.  ლავროვმა განაცხადა, რომ ორი დიპლომატი სხვადასხვა საკითხებს განიხილავს, „რომლებიც შეიძლება გადაწყდეს ჩვენი ურთიერთობების განვითარების მიზნით“. „ვნახოთ რა იქნება“, – დასძინა მან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version