ფანჯიკიძე ბრიუსელში აშშ–ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა



აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში 3 დეკემბერს. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე 3 დეკემბერს ბრიუსელში აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მათ ორმხრივი ურთიერთობების ყველა საკითხზე, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და რუსეთთან ურთიერთობებზე ისაუბრეს. 

შეხვედრა ნატოს შტაბბინაში 3 დეკემბერს გამართული ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. ნატო–საქართველოს კომისია შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 4 დეკემბერს გამართავს.

ფანჯიკიძემ  განაცხადა, რომ აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მიესალმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას და „გამოთქვა იმედი, რომ ამ ხელშეკრულებას მალე მოეწერება ხელი“, რაც, ფანჯიკიძის თქმით, „ახალ იმპულსს მისცემს ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც  სავაჭრო დიალოგს“. 

„ვისაუბრეთ რუსეთზე. საქართველოს მიერ განხორციელებულ დადებით ნაბიჯებზე რუსეთის მიმართულებით, რუსეთის პასუხზე ამ დადებით ნაბიჯებზე, აბაშიძე–კარასინის დიალოგზე, მაგრამ აქვე სინანულით აღვნიშნეთ, რომ მიუხედავად ამ პოზიტიური დინამიკისა, რუსეთი აგრძელებს მავთულხლართების გაბმას და ამან შეიძლება ძალიან სერიოზულად შეუშალოს ხელი ნდობის აღდგენას ქართველ და აფხაზ და ქართველ და ოს  ხალხებს შორის და ამის თაობაზეც ვისაუბრეთ“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

„ვისაუბრეთ იმ შესაძლო წნეხზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს რუსეთის მხრიდან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან ხელმოწერამდე [პერიოდში]“, – განაცხადა მან.

„ერთ–ერთი მთავარი თემა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საუბრისა არის ყოველთვის ნატო და ვისაუბრეთ ჩვენს მოლოდინებზე, რადგან ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება რასაკვირველია ძალაშია; გარდა ამისა ჩიკაგოს სამიტზე ითქვა, რომ საქართველოს წინ ჰქონდა ორი სერიოზული არჩევნები ჩასატარებელი, რაც იქნებოდა დემოკრატიის ტესტი. მე ხშირად ვამბობ, რომ იმედი მაქვს, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო დემოკრატიის ბოლო ტესტი, რომლის ჩაბარებაც საქართველოს მოუწია. ეს იყო უპრეცედენტოდ თავისუფალი, ნამდვილი ევროპული სტანდარტის არჩევნები. მე ხაზი გავუსვი ჩვენს მიღწევებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში… და გამოვთქვი ვარაუდი, იმედი და სურვილი, რომ 2014 წლის ნატოს სამიტი საქართველოსთვის კონკრეტულ შედეგს მოიტანს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს ელჩმა აშშ–ში არჩილ გეგეშიძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, განაცხადა, რომ ჯონ კერიმ პირობა დადო, რომ საქართველოს არაუგვიანეს 2014 წლის გაზაფხულისა ეწვევა.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ორდღიანი შეხვედრის დღის წესრიგზე საუბრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოდ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო–საქართველოს კომისია განიხილავს, თუ „როგორ გავაფართოვოთ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული საარჩევნო პროცესების შემდეგ“.

„მივესალმები საქართველოს მკაფიო განზრახვას, რომ განაგრძოს რეფორმების კურსი და მის მისწრაფებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. და მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველომ და მოლდოვამ გასულ კვირას ვილნიუსში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების პარაფირება მოახდინეს. ნატოს პოზიცია ძალიან ნათელია. თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლებაა აირჩიოს საკუთარი გზა და ის, თუ რომელ ალიანსში გაწევრიანდეს. ჩვენი მიზანია ევროპული ოჯახი, თავისუფალი და მშვიდობიანი, საერთო ღირებულებების გაზიარებით“, – განაცხადა რასმუსენმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version