საქართველომ და ისრაელმა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ფაინა ქირშენბაუმი 18 ნოემბერს თბილისში ხელს აწერენ უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას. ფოტო: შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ფაინა ქირშენბაუმმა 18 ნოემბერს თბილისში ხელი მოაწერეს უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ამავე ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება, რომელიც ძალაში ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების მიერ რატიფიცირების შემდეგ შევა, ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის ისრაელის სახელმწიფოში 6 თვის განმავლობაში 90 დღით უვიზოდ ყოფნას.

როგორც ბევრ სხვა ქვეყანასთან, საქართველოს ცალმხრივი უვიზო რეჟიმი აქვს ისრაელის მოქალაქეებისთვის.
„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მართლაც ისტორიულ დოკუმენტს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ და დასძინა, რომ ეს კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და ისრაელს შორის ორმხრივ ურთიერთობებს.

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა ივნისში ისრაელში ვიზიტის დროს დააყენა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზეევ ელკინმა 31 ოქტომბერს თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხსნას სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version