ისრაელი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს

ისრაელმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, განაცხადეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზეევ ელკინმა 31 ოქტომბერს თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ.

„ისრაელის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ  მის [პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის] ინიციატივაზე შემხვედრი ნაბიჯები გადადგას და დაიწყოს მოლაპარაკებები უვიზო რეჟიმზე, მოამზადოს ხელშეკრულება ისრაელში უვიზოდ შესვლის თაობაზე“, – განაცახდა ზეევ ელკინმა, რომელმაც ჟურნალისტებთან კომენტარი ბიძინა ივანიშვილთან ერთად გააკეთა.

„ჩვენ საქართველოს ვხედავთ, როგორც ერთ-ერთ დიდ და  მნიშვნელოვან პარტნიორს დღევანდელ მსოფლიოში, ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს“, – განაცხადა მან. 

ბიძინა ივანიშვილმა გაიხსენა ივნისში მისი ოფიციალური ვიზიტი ისრაელში, როგორც „ყველაზე წარმატებული“ და უვიზო რეჟიმზე ისრაელის გადაწყვეტილებას ასევე „დიდი წარმატება“ უწოდა.

„ჩავედი, თუ გახსოვთ [ისრაელში]; სავიზო რეჟიმის გაუქმება ვითხოვე და დღეს შეგვიძლია, რომ მივულოცოთ, რომ მათ ეს გააკეთეს და ასეთი საჩუქარი ჩამოიტანეს – ისრაელთან გაუქმებულია სავიზო რეჟიმი და ქართველებს შეუძლიათ   უვიზოთ ჩავიდნენ ისრაელში. ეს მოხდა ასეთ მოკლე დროში“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.

„ჩვენ, პრემიერის ვიზიტის შემდეგ, ვავითარებთ ძალიან აქტიურ  ურთიერთობებს ბევრ სფეროში და ამიტომ, ბუნებრივია, რომ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ასეთი ახლო და მეგობრული ურთიერთობები აქვთ, იქნება უვიზო რეჟიმიც. ვიმედოვნებ, რომ სწრაფად გავივლით შესაბამის ტექნიკურ მოლაპარაკებებს, მოვამზადებთ ხელშეკრულებას, ხელს მოვაწერთ“, – აღნიშნა ზეევ ელკინმა და დასძინა, რომ  მას ისრაელის მთავრობის სახელით ოფიციალურად დაევალა მოლაპარაკებების დაწყება საქართველოსთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები ისრაელში უვიზოდ გამგზავრებას, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში შეძლებენ მას შემდეგ, რაც შეთანხმება მომზადდება და ძალაში შევა. 

საქართველომ 2005 წლის ივნისიდან ისრაელის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად შემოიღო უვიზო რეჟიმი, რაც იმაში გამოიხატება, რომ მათ 360 დღემდე საქართველოში ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ.

„ჩვენ გაქვს 26 საუკუნოვანი უწყვეტი კულტურა. ებრაელი ხალხი არის უნიჭიერესი ხალხი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის იყოს იდეალური ურთიერთობები და ყველაფერი აქეთკენ მიდის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან დღესვე სიტყვით მიმართა ისრაელის ელჩების ამბასადორიალს და მიესალმა იმ ფაქტს, რომ ისრაელმა თავისი ელჩების რეგიონული ფორუმის მასპინძლად თბილისი აირჩია.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც უვიზო რეჟიმზე ისრაელის გადაწყვეტილებას „ისტორიული“,  ორი ქვეყნის ურთიერთობების გაძლიერებისკენ მიმართული „კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა. ზეევ ელკინი ასევე გეგმავს შეხვედრას არჩეულ პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version