ლაფანყურის სპეცოპერაციას სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭო შეისწავლის

სახალხო დამცველის აპარატთან 12-კაციანი საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნა, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალებს შეისწავლის და ანგარიშს, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი ექნება, სამართალდამცავ სტრუქტურებს მიაწვდის.

2012 წლის აგვისტოში ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებას ქართული სპეცსამსახურების 3 წარმომადგენელი და შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი ემსხვერპლა, შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ იძიებს.

„მე მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მიზანი არის დავეხმაროთ გამოძიებას სიმართლის დადგენაში, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის უნდობლობა გამოძიების მისამართით“, – განაცხადა 22 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, „საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს სიმართლე, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს აქვთ უფლება იცოდნენ სიმართლე“.

საბჭოში, რომელსაც უჩა ნანუაშვილი უხელმძღვანელებს, შედიან პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლები: უმარ იდიგოვი, ზაურ გუმაშვილი, ხასო   ხანგოშვილი, მურად ქავთარაშვილი, ასევე ექსპერტები მამუკა არეშიძე, სოსო ცისკარიშვილი, კახი კახიშვილი, ვახტანგ მაისაია, ორგანიზაცია  ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი თამარ გაბისონია,  ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი, ადვოკატი ლია მუხაშავრია.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, 23 ოქტომბერს დეგეგმილ საბჭოს პირველ შეკრებაზე მომზადდება სამოქმედო გეგმა, რათა მოხდეს „გამოკითხვა იმ პირების, ვისაც შესაძლოა ქონდეს რაიმე შეხება, რაიმე ინფორმაცია“ ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ. 

„საკითხი არის ძალიან სენსიტიური. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც განიხილება საბჭოს შეხვედრაზე  არის კონფიდენციალური და არ მოხდება მისი გამოქვეყნება საბოლოო ანგარიშის მომზადებამდე“, – განაცხადა სახალხო დამცველმა და დასძინა, რომ საბჭო ანგარიშს „რამდენიმე თვეში მოამზადებს“.  

ლაფანყურის სპეცოპერაცია ადამიანის უფლებათა შესახებ სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშის ერთ-ერთი  წამყვანი თემა იყო. ინციდენტის შესწავლისას გამოვლენილი ფაქტებზე დაყრდნობით, ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ შეტაკებაში მონაწილე შეიარაღებული დაჯგუფება საქართველოს შსს-ის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ჩამოაყალიბა, აღჭურვა და გაწვრთნა. ეს ბრალდებები  მოვლენათა განვითარების შესახებ  წინა ხელისუფლების ოფიციალურ ვერსიას ეწინააღმდეგება.

თავდაპირველად, სახალხო დამცველი მოუწოდებდა პარლამენტს, რომ  სპეცოპერაციის გამოსაძიებლად დროებითი საგამოძიებო კომისია შეექმნა, თუმცა ივლისის ბოლოს მისი ანგარიშის პარლამენტში განხილვისას მან დეპუტატებს საზოგადოებრივი კომისიის შექმნისკენ მოუწოდა.  პარლამენტმა კი სახალხო დამცველის ანგარიშზე მიღებულ დადგენილებაში, სამართალდამცავ ორგანოებს სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version