საქართველო რუსეთთან საბაჟო–გამშვები პუნქტის გამტარიანობას ზრდის

საქართველოს მთავრობამ 10 სექტემბერს სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ საქართველო-რუსეთის საზღვარზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ გახსნა, რომელიც სატრანსპორტო და მგზავრთა გაზრდილ ნაკადს მოემსახურება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საბაჟო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციამდე დღეში მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობა 5 000-ს არ აღემატებოდა; ამჟამად, ეს რიცხვი გაზრდილია 13 000-მდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ–ივლისში ამ სასაზღვრო–გამშვები პუნქტის გავლით 329 601 ადამიანის შემოსვლა დარეგისტრიდა, რომელთა ნახევარზე მეტიც რუსეთის მოქალაქე იყო. მხოლოდ ივლისში რუსეთის მოქალაქეების 61 979 შემოსვლა დაფიქსირდა ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის გავლით; ეს მაჩვენებელი 2011 და 2012 წლებში 16 113–ს და 41 331–ს შეადგენდა, შესაბამისად.

საბაჟო–გამშვები პუნქტის გახსნის ცერემონიას მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის ფინანსთა, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების, ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრები დაესწრნენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით. სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე, რომელიც წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, 9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აღარ არის სატრანზიტო ქვეყანა მხოლოდ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. საქართველო არის ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა გახსნის ცერემონიას, განაცხადა, რომ ახალი საბაჟო–გამშვები პუნქტი ხელს შეუწყობს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. თავის რუს თანამოსაუბრესთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შეხვედრას აბაშიძე პრაღაში 20 სექტემბრამდე გეგმავს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version