ომბუდსმენი მთავრობას შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა მთავრობას სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი გააძლიეროს მას შემდეგ, რაც ჭიათურმანგანუმის მაღაროში 13 აგვისტოს ორი მაღაროელი დაიღუპა.

საქართველოს მეტალურგთა და მეშახტეთა პროფკავშირის ინფორმაციით, ითხვისის მაღაროში გაბურღვითი სამუშაოებისას გრუნტის წყალმა ამოხეთქა, რამაც ორი მაღაროელი იმსხვერპლა. საქართველოს მეტალურგთა და მეშახტეთა პროფკავშირი პასუხისმგებლობას მაღაროს ადმინისტრაციას აკისრებს, რადგან მათ უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ზომებს არ მიმართეს, რაც მაღაროს გახსნამდე და აფეთქებამდე გეოლოგების მიერ ტერიტორიის დეტალურ შესწავლას გულისხმობს.

მაღაროს მფლობელის “ქართული მანგანუმის“ განცხადებით, ინციდენტის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარებს. „ქართული მანგანუმის“ მფლობელი კომპანია Georgian American Alloy–ა, რომლის მფლობელობაშია ასევე ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ვარციხის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ქარხანას და მაღაროს ელექტროენერგიას აწვდის.  

ერთი მაღაროელი დაიღუპა 15 ივლისს ჭიათურის მაღაროში აფეთქების შედეგად.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა 14 აგვისტოს გავრცელებულ წერილობით  განცხადებაში, რომ „2007 წლიდან მოყოლებული, კატასტროფულად მატულობს გარდაცვალებისა და დაზიანების ფაქტები“ სამუშაოს შესრულებისას. 2010 წელს გარდაცვლილთა რაოდენობამ – 42, ხოლო 2011 წელს – 54 შეადგინა. 2012 წლის მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

„2013 წლის 13 აგვისტოს ჭიათურის „ითხვისის“ მაღაროში ადამიანთა დაღუპვის სამწუხარო ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობამ დროულად უნდა გადადგას კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები“, – განაცხადა სახალხო დამცველმა. 

მან მოუწოდა საქართველოს მთავრობას, „ახლო მომავალში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუციის (მაგალითად, როგორიცაა შრომის ინსპექცია) შექმნის მიზნით“. ეს სტრუქტურა 2006 წელს გაუქმდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version