ქართული ოცნების დეპუტატები მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდნენ

დეპუტატები ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობიდან 7 აგვისტოს დახურულ კარს მიღმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა განიხილეს.

ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე–პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ მიაწოდეს.

ქართული ოცნების დეპუტატებმა და მთავრობის წევრებმა განაცხადეს შეხვედრის შემდეგ, რომ მიუხედავად ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებისა, ეკონომიკური ვითარება საგანგაშო არ არის.

„მომავლის პერსპექტივა არის საკმაოდ დადებითი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ პოლიტიკური დაძაბულობა გარკვეულწილად გადავიდეს ჯანსაღ ოპონირებაში“, – განუცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ მან დეპუტატებს საბიუჯეტო მაჩვენებლებზე მიაწოდა ინფორმაცია. „პარლამენტის წევრებს მივაწოდე ინფორმაცია და საზოგადოებამაც უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ბიუჯეტში არანაირი პრობლემა არ არის. ბიუჯეტი დააფინანსებს ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, ყველა სოციალურ ვალდებულებას, მათ შორის გაზრდილ ვალდებულებას. პირველი სექტემბრიდან, იცით, რომ პენსიები კიდევ ერთხელ იზრდება წელს – მეორედ უკვე“.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ: „საერთო სურათი არის დამაკმაყოფილებელი, იმ სირთულეების გათვალისწინებით, რაც ქვეყნის წინაშე იდგა წლის დასაწყისში. ეკონომიკური მიმართულების სამინისტროები მუშაობენ სრული დატვირთვით. ჩვენ მივიღეთ სრული გარანტია იმისა, რომ მიმდინარე წლის მაჩვენებლები შესრულდება და ყველა ვალდებულება, რაც სახელმწიფოს გააჩნია მოქალაქეების მიმართ, თუ სხვა საპროექტო ვალდებულებები, წლის ბოლომდე იქნება შესრულებული“.  

უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ერთ–ერთი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე იქნა განხილული, ეხებოდა შეღავათიანი სესხების გაცემას დამწყები ბიზნესისთვის. მისი თქმით, მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს და შესაბამისი მექანიზმი, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის შემუშავდება.

მას შემდეგ, რაც „საქსტატმა“ 31 ივლისს წინასწარი მონაცემები გამოქვეყნა, რომლის თანახმადაც 2013 წლის პირველ ნახევარში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის 0,8 პროცენტიანი ვარდნა დაფიქსირდა, მთავრობა ნაციონალური მოძრაობის კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, რომელმაც ქართული ოცნება იმაში დაადანაშაულა, რომ ის არასტაბილურობის შეგრძნების ხელშეწყობის პოლიტიკას ატარებდა.  

გასულ კვირას ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვედრა შესთავაზა საქართველოს „ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის“ გზების განხილვის მიზნით.

შეხვედრასთან დაკავშირებით ბაქრაძის შემოთავაზებაზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა 7 აგვისტოს: „არა მხოლოდ საპარლამენტო, არამედ არასაპარლამენტო ოპოზიციასაც შევხვდები, რა თქმა უნდა, თუ არ იქნება დიდაქტიკური ტონი და თუ იქნება სამუშაო ატმოსფერო“.

როდესაც ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს შეხვედრასთან დაკავშირებით ბაქრაძის შემოთავაზებაზე ჰკითხეს, მან განუცხადა ჟურნალისტებს 7 აგვისტოს: „რა უნდა მასწავლოს დავით ბაქრაძემ, როგორ დავატეროროთ ბიზნესი? როგორ წავართვათ ადამიანებს ქონება? როგორ გამოვყაროთ სახლებიდან? … ნამდვილად არ გვჭირდება და არ ვაპირებთ ასეთი რამეების გადაღებას ნაციონალური მოძრაობისგან“. 

ბაქრაძე მიესალმა ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას და კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, რომ ჩაერთოს „საქმიან“ დიალოგში. „პოლიტიკური უთანხმოება უნდა გვერდზე გადავდოთ და ვიმუშავოთ ხალხისთვის ერთად“, – განაცხადა მან.

იმავდროულად, პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ურეკის რეზიდენციაში აშშ–ის ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს შეხვდა, სადაც მათ, აშშ–ის საელჩოს ინფორმაციით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და საქართველოში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის თაობაზე მთავრობის გეგმები განიხილეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version