უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების შეჩერებაზე კანონპროექტის მიღება გადაიდო

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა კვლავ გადაედო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების დროებით შეჩერებაზე კანონპროექტის მიღება და სანაცვლოდ გამოვიდა ინიციატივით, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავოს, რომელიც, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სავარაუდოდ სექტემბერში იქნება მზად და რომელიც პრობლემის კომპლექსურად მოგვარებას შეეცდება.

„პარლამენტის და მთავრობის წევრები ინტენსიურად აგრძელებენ ამ საკითხზე მუშაობას. და როგორც მოსალოდნელი იყო, ეს საკითხი აღმოჩნდა იმაზე გაცილებით უფრო კომპლექსური და რთული, ვიდრე ეს არის კონკრეტული მოქალაქეების პრობლემა. ამიტომ, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იუსტიციის სამინისტროში, მთავრობის სხვა უწყებებში, პარლამენტის წევრები ჩართული არიან ამ პროცესში. და როგორც ჩანს, სექტემბრისთვის შემუშავდება პაკეტი საკანონმდებლო ცვლილებების, რომელიც ამ ტიპის საკითხებს დაარეგულირებს სამომავლოდ, რომ ასეთი მძიმე ვითარებები ნაკლებად შეიქმნას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ჩვენი გადაწყვეტილებით არ უნდა შევქმნათ ახალი პრობლემები. ერთი ტიპის პრობლემის მოგვარების მცდელობისას არ უნდა შევქმნათ დამატებითი პრობლემები ჩვენივე მოქალაქეებისთვის; უნდა დავიცვათ საკუთრების უფლება, უნდა გავიფრთხილდეთ საბანკო სისტემის მდგრადობას, პროგნოზირებადობას. ბევრი ასეთი თემებია. ამიტომ, ამ საკითხებს ჩვენ, როგორც ჩანს, სექტემბერში მოვუბრუნდებით“, – დასძინა მან.

პარლამენტმა 25 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც 2014 წლის 1 თებერვლამდე იმ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების შეჩერებას ითვალისწინებს, რომლებზეც საკუთრება მოპოვებულია სესხის ან იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე.  თუმცა, მისი შემდგომი დამტკიცება გადაიდო მას შემდეგ, რაც 26 ივლისს კანონპროექტი პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკრიტიკა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version