პოლონეთის და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ვარშავაში შეხვედრა გამართეს



საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პოლონეთის პრემიერ–მინისტრი დონალდ ტუსკი 19 ივლისს ვარშავაში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ფოტო: პოლონეთის მთავრობა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ქართველ კოლეგასთან, ბიძინა ივანიშვილთან ვარშავაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ 19 ივლისს განაცხადა, რომ შეხვედრამ გაუძლიერა რწმენა, რომ საჭიროა საქართველოს მხარდაჭერა განსაკუთრებით ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის  მოახლოებული სამიტის კონტექსტში.

ბიძინა ივანიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პრემიერმა ტუსკმა აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, თუ ვინ არის ხელისუფლების სათავეში საქართველოსა ან პოლონეთში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მეგობრულია, იუწყება პოლონური ტელევიზია TVN24. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქართველი კოლეგამ მას აღუთქვა რომ საქართველოში ოპოზიციის უფლებები დაცული იქნება.

პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა, რომელმაც ვარშავაში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ლიტვის ხელმძღვანელობასთან გამართა შეხვედრები ვილნიუსში, განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომ პოლონელ კოლეგასთან ძალიან მეგობრული და თბილი შეხვედრა ჰქონდა. მან მადლობა გადაუხადა პოლონეთს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მისწრაფების მიმართ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი აქტიური მხარდაჭერისთვის.

„მე სიამოვნებით მივიღე ბევრი რჩევა ბატონი პრემიერისგან, რისთვისაც მადლიერი ვარ“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მან დონალდ ტუსკი საქართველოში მოიწვია.

19 ივლისს ბიძინა ივანიშვილი ასევე შეხვდა პოლონეთის სეიმის თავმჯდომარეს ევა კოპაჩს და სენატის თავმჯდომარეს ბოგდან ბორუსევიჩს.

ლიტვასა და პოლონეთში მისი ორდღიანი ვიზიტის შეჯამებისას ივანიშვილმა განუცხადა ვარშავაში ქართველ ჟურნალისტებს, რომ მისი შეხვედრები "ძალიან წარმატებული" იყო.

„ძალიან აინტერესებთ მათ [ლიტვას და პოლონეთს], რომ ჩვენ ვილნიუსის სამიტზე, 27 ნოემბრისთვის ვიყოთ ძალიან წარმატებულნი, თავის მხრივ ისინი აღგვითქვამენ, რომ მხარს დაგვიჭერენ  მაქსიმალურად“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ნატოს მიმართულებით გვქონდა საუბარი და მაქსიმალურ მხარდაჭერას აღგვითქვამენ. ჩვენ ველით, რომ ძალიან კარგი განცხადებები გაკეთდება შემდეგ წელიწადს საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით ნატოს მხრიდან“, – აღნიშნა მან.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი წარმატებული ვიზიტი გვქონდა და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ მოვახერხეთ, თუმცა დიდი დრო და დიდი ენერგია დავხარჯეთ იმისათვის, რომ ენახათ ჩვენი გულწრფელობა ჩვენს მეგობრებს და მე ბედნიერი ვარ, რომ მათ ეს დაინახეს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ლიტვასა და პოლონეთშიც არსებობს „განსხვავებული აზრი“ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, „მაგრამ გარწმუნებთ, რომ ვისაც ეჭვი დარჩა კიდევ ახალი ხელისუფლების ხელწერის მიმართ, არიან აშკარად უმცირესობაში“.     

„საერთო დამოკიდებულება როგორც ლიტვის, ისე პოლონეთის გახლავთ ძალიან მეგობრული ჩვენი ქვეყნისადმი და ახალ ხელისუფლებასთან მეგობრული ურთიერთობები, გარწმუნებთ, რომ გაიზრდება და გაღრმავდება, მაგრამ არავითარ ჩრდილი მას არ მიყენებია“, – განაცხადა მან.   

ბიძინა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მან ლიტვასა და პოლონეთში გამართულ ყველა შეხვედრაზე წამოწია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ შექმნილი პრობლება, რაც რუსეთის მიერ ღობეების გავლებას უკავშირდება; მისი თქმით, მან თხოვა კოლეგებს, რომ „გააკეთონ განცხადებები ამის თაობაზე და პასუხი მოსთხოვონ რუსეთის ფედერაციას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version