პარლამენტმა სასოფლო–სამეურნეო მიწების უცხოელებზე მიყიდვის შეჩერებაზე ინიციატივა დაამტკიცა

პარლამენტმა დღეს მეორე და მესამე მოსმენით ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 2014 წლის ბოლომდე აჩერებს იმ დებულების მოქმედებას, რომელიც უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენის უფლებას აძლევს.

კანონპროექტი, რომლის ინიციატორებიც არიან დეპუტატები ქართული ოცნებიდან, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეები, შესაბამისად, ზურაბ ტყემალაძე და გიგლა აგულაშვილი, არ შეეხება იმ მიწებს, რომლებიც უკვე არის უცხოელი მოქალაქეების საკუთრებაში. 

კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში მორატორიუმის დაწესება 2017 წლამდე იყო გათვალისწინებული, თუმცა საბოლოოდ პარლამენტმა უცხოელებისთვის აგრარული დანიშნულების მიწების მიყიდვის შეჩერებაზე გადაწყვეტილება 2014 წლის ბოლომდე მიიღო.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა გიგლა აგულაშვილმა განუცხადა Civil.ge-ს, რომ 2014 წლის ბოლო ეს არის მაქსიმალური ვადა და შესაძლოა, ეს მორატორიუმი უფრო ადრეც გაუქმდეს, თუ მანამდე აგრარული დანიშნულების მიწებთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგდება.

ამ საკითხებს შორისაა კანონპროექტით გათვალისწინებული დავალებები, რომლის ფარგლებშიც მთავრობამ უნდა შეიმუშაოს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით,  სასოფლო სამეურნეო მიწის ფონდის გამოყენების რეგულაციები და ასევე მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემა.

აგულაშვილის ინფორმაციით, ზუსტი სტატისტიკური მონაცემები უცხოელებზე მიწების გასხვისების შესახებ არ არსებობს, თუმცა არაოფიციალური ცნობებით, დაახლოებით, 30 ათას ჰექტარზეა საუბარი. მისივე თქმით, უცხოელების ინტერესი მიწის შეძენისადმი 2012 წლიდან არის გააქტიურებული. 

მორატორიუმის დაწესების ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი შეამცირებს სოფლის მეურნეობის სექტორში უცხოელების მზარდ ინვესტიციებს.

„ჩვენ ჩაკეტილი კარის პოლიტიკას არ ვაწარმოებთ, მაგრამ პირობები უნდა იყოს გამჭირვალე“, – განაცხადა აგულაშვილმა, „ჩვენი მიზანია ოქროს შუალედი ვიპოვოთ, ერთის მხრივ საინვესტიციო კლიმატის შექმნასა და მეორეს მხრივ, იმას შორის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები დაცული იყოს“. 

კანონპროექტის დღევანდელ საპარლამენტო განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს, ვინაიდან მათ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის მუშაობას. 

კანონპროექტი მას შემდეგ შევა ძალაში, რაც მას პრეზიდენტი სააკაშვილი მოაწერს ხელს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version