შიკორსკი: საქართველოში განვითარებული მოვლენებს დეტალურად დავაკვირდებით

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ამიერიდან უფრო ყურადღებით დააკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, სადაც მისი თქმით, „ოპოზიციას საჯაროდ ემუქრებიან პროკურატურის გამოყენებით“.

მან ეს განცხადება 24 ივნისს ლუქსემბურგში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობაზეც იმსჯელეს.

როდესაც მას საქართველოში არსებულ ვითარებაზე ჰკითხეს, კერძოდ კი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავების კონტექსტში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „[აღმოსავლეთ პარტნიორობის] ბევრ ქვეყანაში დიდი პროგრესია მიღწეული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სფეროსთან დაკავშირებით. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაასრულა შეთანხმების ტექსტზე მუშაობა, მაგრამ როგორც იცით, ასოცირების შესახებ შეთანხმებები უკვე ქვეყნებზეა დამოკიდებული… რომელთაც ყველას უნდა აჩვენონ, რომ უზრუნველყოფილი იქნება პატივისცემა იმ პრინციპების მიმართ, რომელთა ვალდებულებასაც ისინი იღებენ“.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ორი ქვეყანაა, რომელიც ჩვენ შეშფოთებას იწვევს – ერთი უკრაინაა, რომელსაც ჯერ არ მიუღია საარჩევნო კოდექსი და ჯერ არ განუხორციელებია სტალინის დროინდელი პროკურატურის რეფორმირება და სადაც არსებობს კარგად ცნობილი წუხილები შერჩევითი სამართლის თაობაზე [ყოფილი პრემიერ–მინისტრის] იულია ტიმოშენკოს დაკავებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შიკორსკიმ.

„და ქვეყანა, სადაც ჩვენ ვიწყებთ შეშფოთებას, არის საქართველო, სადაც ოპოზიციას საჯაროდ ემუქრებიან პროკურატურის გამოყენებით, თუ ისინი არ შეწყვეტენ მთავრობის კრიტიკას, რაც ევროპული სტანდარტებით მიუღებელი საქციელია“, – განაცხადა მან.

„ჩვენ ასევე ძალიან შეშფოთებულები ვართ წინასწარი დაკავებების ზედმეტად გამოყენებით იმ ადამიანების მიმართ, რომელთა ბრალეულობაც ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის. ამრიგად, ჩვენ საქართველოში განვითარებული მოვლენების დეტალური მონიტორინგის ეტაპზე გადავდივართ და ვიმედოვნებ, როგორც საქართველოს მეგობარი, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას მიაქცევს და გააუმჯობესებს სტანდარტებს“, – განაცხადა შიკორსკიმ.

როდესაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სამართალდამცავების მიერ დაკავებულთა წამების ამსახველი ვიდეომასალის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ ის კონკრეტულ საქმეებზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა დასძინა: „დარწმუნებული ვარ, რომ წინა ხელისუფლებასაც აქვს პასუხი გასაცემი გარკვეულ საქმეებზე, მაგრამ სწორედ ის მეთოდები, წესები, რომლითაც საქართველოს მართლმსაჯულება ხელმძღვანელობს, ჩამოაყალიბებს აზრს …. ბრიუსელში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version