ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მის შესაძლო გადადგომაზე

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მან შესაძლოა დატოვოს თანამდებობა და სამოქალაქო სექტორში გადავიდეს – ეს იმაზე უფრო ადრინდელი ვადაა, ვიდრე ის პოლიტიკიდან წასვლაზე მანამდე მიანიშნებდა.

„ოქტომბრის [საპრეზიდენტო] არჩევნების შემდეგ საქართველოში იქნება აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია და მთავრობას აღარ დასჭირდება ჩემი დახმარება“,  – განაცხადა მან 23 ივნისს.

ამ საკითხზე თავის წინა განცხადებების მსგავსად, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ ის დაინახავს, რომ მისი გადადგომა ქვეყანაში უარყოფით შედეგებს გამოიწვევს, „მაშინ, რა თქმა უნდა, მე არსად წამსვლელი არ ვარ“.

მან ეს განცხადება კვირას ესტონურ გაზეთში Postimees–ში გამოქვეყნებული მისი ინტერვიუს კომენტირებისას გააკეთა, რომელშიც მან განაცხადა, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აპირებს გადადგეს.

2011 წელს, როდესაც მან პირველად განაცხადა თავისი პოლიტიკური მიზნების შესახებ, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ იგი ორი ან სამი წლით გეგმავდა პოლიტიკაში დარჩენას. მას შემდეგ, რაც პრემიერ–მინისტრი გახდა, ივანიშვილმა 2012 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ იგი თავის თანამდებობას და პოლიტიკას 2014 წელს დატოვებს „იდეალური ვარიანტი თუ განვითარდა, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში“.

„არსადაც არ წავალ, დავრჩები ბოლომდე და ვიბრძოლებ შემდგომი არჩევნებისთვისაც, თუ ეს საჭირო გახდება. მაგრამ ეს იქნება ცუდი ვარიანტი ჩვენი მოღვაწეობის. მაგრამ თუ ეს ცუდი ვარიანტი განვითარდება, მე მზად ვარ აქ დავრჩე და გავაგრძელო 4 წელიც და ვიბრძოლო შემდგომი არჩევნებისთვისაც  ხელისუფლებაში დარჩენისათვის“, – განაცხადა ივანიშვილმა 2012 წლის ნოემბერში.

ესტონურ გაზეთ Postimees–სთან ინტერვიუში, რომელიც 19 ივნისს ჩაიწერა, ივანიშვილმა განაცხადა: „მე მალე ვაპირებ პოლიტიკიდან წასვლას. როგორც კი წავა სააკაშვილი და ჩატარდება ახალი საპრეზიდენტო არჩევნები [2013 წლის ოქტომბერში], მე მხოლოდ რამდენიმე დღით დავრჩები. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს. ჩვენს შორის არჩეული იქნება ძალიან საინტერესო პრეზიდენტი, ძალიან კარგი პარლამენტის თავმჯდომარე გვყავს და მე მაქვს იდეა, თუ ვინ შეიძლება დაიკავოს ჩემი ადგილი“.

როდესაც მას ამ განცხადების თაობაზე ჰკითხეს, ივანიშვილმა უპასუხა ჟურნალისტებს 23 ივნისს: „,მე მსგავსი განცხადებები ბევრჯერ გამიკეთებია, თუ გახსოვთ ჩემი პირველი განცხადება [2011 წლის ოქტომბერში], იქაც ვამბობდი, რომ ორიდან სამ წლამდე მოვალ პოლიტიკაში, იქვე განვმარტავდი…. რომ მე არ ვაპირებ ქვეყნიდან წასვლას“.

„ჩემი წასვლა პოლიტიკიდან არ ნიშნავს წასვლას ქვეყნიდან და არ ნიშნავს იმას, რომ მე გავურბივარ სირთულეებს, ან გავურბივარ პასუხისმგებლობას, ან ჩემს დაპირებებს. ჩემი პოლიტიკიდან წასვლა მოხდება იმ შემთხვევაში, როდესაც აღარ იქნება საჭიროება ჩემი ყოფნის და უფრო რთულ და უფრო საჭირო პროცესებში ჩავერთვები, რასაც ქვია საზოგადოების განვითარება. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება გახლავთ ის, რომ ჩვენ, დაახლოებით, 20 წელიწადში მივიღოთ ევროპული ტიპის საზოგადოება. მთავრობა მისი შტოებით – სასამართლო, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლება – ყველანი არიან საზოგადოების ნაწილი, ისევე როგორც თქვენ [ჟურნალისტები] საზოგადოების ნაწილი ბრძანდებით; ასევე საზოგადოებაში შეგვიძლია დავასახელოთ ექსპერტები თუ ანალიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველანი ესენი არიან ერთი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც საზოგადოება ეწოდება – მარტო მთავრობის, ერთი ნაწილის განვითარება, ვერ შეძლებს იმას, რომ მთლიანად ქვეყანა განვითარდეს; საზოგადოება უნდა განვითარდეს, საზოგადოებაა მთავარი და გადამწყვეტი“, – განაცხადა მან.

„შესაბამისად, მე ვიზრუნებ ჩემი დარჩენილი ცხოვრება საზოგადოების განვითარებაზე. მე კიდევ მინდა 20 წელიწადი აქტიურად ვიმოღვაწეო… დაახლოებით, 20 წელიწადი დასჭირდება იმას, რომ ჩვენ მივიღოთ ევროპული ტიპის საზოგადოება. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს აირჩიოს საუკეთესო და საზოგადოებამ უნდა მოახერხოს აკონტროლოს ხელისუფლება“.

„არსად არ გავრბივარ მე და არსად არ მივდივარ. მე წავალ მაშინ, როდესაც, პირველ რიგში, ჩემი გუნდის წევრებს განვუმარტავ კარგად და კარგად გაიგებენ, რომ ამით არაფერი არ დაზიანდება და მხოლოდ პლუსები იქნება იმაში, რომ მე პოლიტიკიდან გავალ. და ასევე გაიგებს საზოგადოება. საზოგადოებას განვუმარტავ იმდენს, სანამ არ დავარწმუნებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კითხვები დარჩება, თუ იქნება საშიშროება იმისა, რომ ჩემი წავლით შეიძლება განვითარებას, მთავრობას ან ქვეყანას ზოგადად რამე დაემართოს, რა თქმა უნდა, მე არსად წამსვლელი არ ვარ“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

კითხვაზე შეიძლება თუ არა, რომ ეს ოქტომბერში მოხდეს, მან უპასუხა: „ჩემი გადმოსახედიდან, ეს შესაძლებელი იქნება“.

„ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში იქნება აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია და მთავრობას აღარ დასჭირდება ჩემი დახმარება. უფრო საჭირო იქნება საზოგადოების განვითარება“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მისი გააქტიურება საზოგადოებრივ სექტორში "საწყის მუხტს" გააჩენს სამოქალაქო სექტორისთვის, „რომელმაც უნდა განსაზღვროს ქვეყნის სტრატეგია და განვითარება“.

„კიდევ ვიმეორებ, ჩემი წასვლა ნიშნავს, რომ იოლი ადგილიდან გადავიდე უფრო რთულზე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ იგი ამ ნაბიჯს მხოლოდ მას შემდეგ გადადგამს, რაც მთავრობაში „ყველაფერს დაალაგებს“.      

„თუ იქნება ოდნავი განცდა მაინც არასტაბილურობის, ან იქნება შეკითხვა საზოგადოების მხრიდან, რომ ამან შეიძლება რამე გამოიწვიოს, რა თქმა უნდა, არსად არ წავალ“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„მიმაჩნია, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდგომ აბროლუტურად განსხვავებული სიტუაცია იქნება საქართველოში და არ იქნება აუცილებლობა ჩემი პოლიტიკაში დარჩენის და თუ იქნება, მე აუცილებლად დავრჩები“, – დასძინა მან.

კითხვაზე თუ ვინ შეცვლის მას, მისი წასვლის შემთხვევაში, ივანიშვილმა უპასუხა: „ეს ადრეა ჯერ“.

პრემიერ–მინისტრის მიერ ესტონური გაზეთისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 23 ივნისს, რომ „პოლიტიკა საბავშვო ბაღი არ არის“. 

მისი თქმით, ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რომელიც ადამიანების ბედს, საქართველოს გრძელვადიან განვითარებას და მომავალს ეხება. მან ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ის, თუ სად იქნება საქართველო, და არა ის, თუ სად იქნებიან ცალკეული პოლიტიკოსები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version